სოფელ შავშვებში ოსური ენის დღე აღინიშნა (VIDEO)

15 მაისს საქართველოში ყოველწლიურად ოსური ენის დღე აღინიშნება – ეს დღე ემთხვევა ოსი პოეტის, კოსტა ხეთაგუროვის ოსური პოეზიის მარგალიტად მიჩნეული ლექსების კრებულის, “ოსური ქნარის” გამოცემის თარიღს – 1899 წლის მაისს. ხეთაგუროვი ითვლება ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლად.

ღონისძიება ტრადიციულად სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში იმართება. აქ 2013 წლიდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის პროექტი ხორციელდება: მოსწავლეები, სურვილისამებრ, ოსურ ენას სწავლობენ, ფაკულტატიურ კურსს ქეთევან ქუმარიტოვი უძღვება.

ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ოსურ და ქართულ ენებზე ლექსები წაიკითხეს – სიყვარულზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე; დამსწრე საზოგადოებას პოეტის, დრამატურგის, მხატვრის კოსტა ხეთაგუროვის, პოეტის ნაფი ჯუსოითის და „ვეფხისტყაოსნის“ ოსური თარგმანის ავტორის, პოეტის გიორგი ბესთაუთის ცხოვრების შესახებ უამბეს.

ბავშვებმა ოსურ ენაზე სტუმრებს მინი-ინსცენირებაც წარუდგინეს. პატარა პიესა „მეზობლები“ მოგვითხრობს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება, როცა მეზობელი გასაჭირშია.

ღონისძიებაზე შესრულდა ასევე მუსიკალური ნომრები – სიმღერა „ოსური“, ასევე „სატრფიალო“ – სიმღერა, სადაც ოსური მელოდია ქართულ ენაზე აჟღერდა.

ოსური ენის დღეს, ქართველი და ოსი ხალხების სიყვარულისა და მეგობრობის ნიშნად, ცეკვა „ქართული“ და ოსური „სიმდი“ შესრულდა.

ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპარტაკ პეტრიაშვილი, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი როლანდი ბერუაშვილი, ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნაირა ბეპიევი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები (European Union Monitoring Mission in Georgia, EUMM), არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე: „დღევანდელი დღე ოსი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი დღე იმიტომ, რომ მათი ოსური ლიტერატურული ენის დაარსების დღედ ითვლება. საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი მეგობარი ერი, ჩვენმა ოსმა ხალხმა, რომელთანაც ერთად ჩვენ საუკუნეების მანძილზე მოვდივართ, შეინარჩუნოს საკუთარი ენა, მათმა ახალგაზრდებმა და ბავშვებმა კი ისწავლონ ენა და ჰქონდეთ ურთიერთობა ხელის გაწვდენაზე მყოფ თავის თანატოლებთან. ამ ეტაპზე ეს ტერიტორიები არიან ოკუპირებული, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მალე მოხდება ჩვენი ერთად ცხოვრება და გაერთიანება. ძალიან სამწუხარო ამბავია, რომ ცხინვალის რეგიონში აკრძალულია ქართულ ენაზე განათლების მიღება, როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებს იმისათვის, რომ ოსმა ბავშვებმა ისწავლონ თავისი მშობლიური ენა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია: „ჩვენ, მოგეხსენებათ, მრავალეთნიკური ერი ვართ, ჩვენი სიძლიერე სწორედ რომ ჩვენს მრავალფეროვნებაში არის. ოსური ენა საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ისეთივე ღირებულებაა, როგორც ქართული ან ნებისმიერი სხვა ენა, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საუბრობენ. და ამიტომ დღევანდელი დღის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც აქედან რამდენიმე კილომეტრში არის საოკუპაციო ხაზი, რომლის მიღმაც, პრაქტიკულად, <…> განვითარების შესაძლებლობა არ აქვს იქ მცხოვრები ადამიანისთვის“.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე: „სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა ძირითადად არის იმ ხიდების აღდგენა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საქმე გამოგვივა…

<…> ოსურ ენას, აფხაზურ ენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღევანდელ დღეს, მშვენიერ დღეს, <…> ყველანი ცხინვალში აღვნიშნავთ“.

სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი: „ოსური ენა არის ოსური იდენტობის ნაწილი და მის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, და მიხარია, რომ ჩვენს რეგიონში გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ოსური ენის განვითარება მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ხელს შევუწყობთ და მზად ვართ, რომ ოსური ენის განვითარება განხორციელდეს. <…> მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვუთხრა მადლობა იმისთვის, რომ ჩართულები არიან, სწავლობენ ოსურ ენას –  წარმატებებს გისურვებთ!“.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი: „დღევანდელი დღეა იმის ნათელი მაგალითი, რომ ოსებს და ქართველებს თანაცხოვრება შეგვიძლია. <…> ოსური ენა ახლოა ჩემთვის – დედა მყავდა ოსი და ბავშვობაში ძალიან ხშირად პაპასთან ჩავდიოდი… ეს სულ მახსენდება და რაღაცნაირად გულს უხარია ხოლმე. იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ახლო მომავალში ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და ერთად აღვნიშნავთ უფრო სხვა <ერთად ყოფნის> დონეზე ოსური ენის დღე“.

თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპარტაკ პეტრიაშვილი: „ვისურვებდი, ხშირად შევხვედრილვიყავით, არ დაგვეკარგოს ერთმანეთის ტრადიციები. ჩვენ ერთნი ვართ, განუყოფელები ვართ – ეს იმათმაც იციან და ჩვენც ვიცით“.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნაირა ბეპიევი: „ჩვენი ისტორიული წარსულის ძალიან ძველი და ძალიან ერთგული მეგობრების, ოსების, ოსური ენის დღე გახლავთ, და ეს ქვეყანა ისევე გრანდიოზულად აღნიშნავს ამ დღეს, როგორც აღინიშნება ქართული ენის დღე… სახელმწიფოებრივი ზრუნვა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სწორედ ამ ენას და მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება იმისი, რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ვისურვო, რომ გაგრძელებულიყოს ეს ტრადიციული ურთიერთობა, ტრადიციული მეგობრობა და ტრადიციული ზრუნვა ერთმანეთის ენებსა თუ ლიტერატურაზე.

<…> ჩვენ თითქმის ერთმანეთს არ ვასხვავებთ: მართალია, ჩვენ ჩვენი საკუთრი ენა გვაქვს, ჩვენი სხვადასხვა ჩვევა გვაქვს, სხვადასხვა წეს ჩვეულებები ნიშნავს ფოლკლორსაც, რომელშიც ასევე არის ერთიანიც და ცალკე ორიგინალური ძალიან ბევრი. და ეს ყველაფერი არის იმ ზრუნვის შედეგი, რომელსაც იჩენს ჩვენი ქვეყანა იმ ხალხების მიმართ <…>.

ის, რაც ჩვენ ოდითგანვე გვაერთიანებს, არის ერთმანეთის ძმობა, მეგობრობა და ერთმანეთის ისტორიაზე, ერთმანეთის ლიტერატურაზე ზრუნვა… ვისურვებდი, რომ ეს თაობა ასეთივე ხალისით, ენთუზიაზმით აღნიშნოს ოსური ენის დღე…“.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია