სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ გარდაბნის დევნილთა დასახლებაში 88 ოჯახს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანა. ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები და საბავშვო სათამაშოები დევნილებს საქართველოს ბაპტისტური ეკლესიათა გაერთიანებამ რელიგიის სააგენტოს თანამონაწილეობით გადასცა.
ჰუმანიტარული ტვირთი – 20 ფუთა ტანსაცმელი და 30 ყუთი საკანცელარიო ნივთები/ საბავშვო სათამაშოები – კანადიდან გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის განყოფილებამ Friedensbote-მ გამოაგზავნა.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა პარტნიორებს სოციალური პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია და რელიგიის სააგენტო ხშირად ახორციელებენ ჰუმანიტარული დახმარების პროექტს.
“ეტაპობრივად დახმარება ეწევა ჩვენს დევნილებს რელიგიის სააგენტოს და ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით. მადლობას მოვახსენებ ამ პროექტში ჩართულ პირს და უწყებას”, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.
გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილის თქმით, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანების დონორი Friedensbote-ს ქრისტიანული მისია „მშვიდობის მაცნეა“, რომელიც რეგულარულად გვაწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას და საჩუქრებს, ეროვნებისა და აღმსარებლობის განურჩევლად, ყველა გაჭირვებულ ოჯახს.