ანსამბლ „ნართების“ სიმღერის „სამი ძმა“ პრემიერა შედგა “არტ-გენის“ ფესტივალზე (VIDEO)

ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლ „ნართების“ ვაჟთა ვოკალური ჯგუფის სიმღერის პრემიერა ფესტივალ „არტ-გენის“ გახსნაზე შედგა.

სიმღერა „სამი ძმა“ მოძმე ხალხების – ქართველების, ოსებისა და აფხაზების მეგობრობასა და სიყვარულზეა. სიმღერა კომპოზიტორმა ვაჟა დურგლიშვილმა და პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა შექმნეს.

სიმღერის საესტრადო არანჟირება ეკუთვნის გრიგოლ ნაცვლიშვილს, ხოლო მუსიკალური არანჟირება ხალხურ ინსტრუმენტებზე – ანსამბლ „ნართების“  ლოტბარს დავით ელბაქიძეს.

„სიმღერა „სამი ძმა“ ჩვენ მეგობრობაზეა ოსებთან და აფხაზებთან. ჩვენ ვიყავით  და უნდა დავრჩეთ მოძმე ერებად“, – ამბობს ელბაქიძე.

სიმღერის აუდიოჩაწერა განხორციელდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

ფესტივალის გახსნაზე ანსამბლ „ნართებმა“ ასევე შეასრულა ხალხური ცეკვები – „მიპატიჟება“, „ქართული“, „კახური“ და „ყაზბეგური“.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“ 2007 წელს დაარსდა. ანსამბლის რეპერტუარი შედგება ოსური და ქართული სიმღერებისა და ცეკვებისგან: „სიმდი“, „ხონგა“, „ოსური ქალთა ცეკვა“, „მთიულური“, „აჭარული“, „ქართული“ და სხვა.

საიუბილეო, რიგით მე-20, ,,არტ-გენის“ ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნა და 30 ივლისამდე გაგრძელდება. ღონისძიება თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ხალხური შემოქმედების ანსამბლები საქართველოს რეგიონებიდან.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია