ნინო ოვაშვილმა ფორუმში „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილთა უმეტესობამ არ იცის იმ სერვისების შესახებ, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, რის გამოც ისინი არ სარგებლობენ ამ შეღავათებით. ასეთია ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები. დღეს ამის შესახებ ისაუბრეს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობის“ „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ პროექტის პრეზენტაციაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანხმობას” ორგანიზებით გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ოვაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დევნილთა სააგენტომ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის ავტორები პრობლემის გადასაჭრელად სპეციალური პლატფორმის შექმნას გეგმავენ – ონლაინ ან ბეჭდური ფორმატით, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით ისინი მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროგრამების შესახებ.

დევნილთა/იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების დადგენის მიზნით ჩატარდება გამოკითხვა მათთან გასაუბრების გზით. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის ,,თანხმობა“-ს თავმჯდომარის იულია ხარაშვილის თქმით, კვლევის პროცესი 1990-იანი წლების დევნილებისა და 2008 წლის იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეხება (2006-2007 და 2018-2019 წლებში არსამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების მსგავსი კვლევები).

ორგანიზაცია გეგმავს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ხუთ მუნიციპალიტეტში (ბორჯომი, ქუთაისი, თეთრიწყარო და ა.შ.), სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ დევნილი/იძულებით გადაადგილებული პირები. ეს ხელს შეუწყობს სტრუქტურებს, დევნილებსა და სამოქალაქო სექტორს შორის კომუნიკაციის დონის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში შეფასდება ხუთივე მუნიციპალიტეტის პროგრამა, ასევე ჩატარდება ტრენინგები მუნიციპალიტეტებისა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლებისთვის.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ფორუმების აქტიურად ჩატარებასა და სხვადასხვა ეტაპზე პროგრამის შედეგების წარდგენას გეგმავს.


პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ქვეგრანტის ფარგლებში, რომლის განმახორციელებელი პარტნიორები არიან „Expertise France“ (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.

ცნობისთვის, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 92 679 დევნილი ოჯახი (ჯამში 291 886 იძულებით გადაადგილებული პირი).

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია