წეროვნის დევნილთა დასახლებაში „მაჩაბლობა-2025“ გაიმართა (VIDEO)

წეროვნის დევნილთა დასახლებაში გაიმართა ღონისძიება „მაჩაბლობა-2025“, რომლის ფარგლებშიც საფუძველი ჩაეყარა ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერის მოწყობას.

მოგვიანებით, აქ მწერლის ბიუსტი დაიდგმება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ივანე მაჩაბლის ღვაწლს გაუსვეს ხაზი. აღნიშნეს, რომ მან თავისი კვალი დატოვა, როგორც ქართულ მთარგმნელობით ლიტერატურაში, ასევე ქართული თეატრის სფეროში. ასევე, აღნიშნეს მისი პიროვნების როლი საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში: ხაზი გაესვა, რომ ივანე მაჩაბელს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ევროპული გზის აღდგენაში.

„მაჩაბლობა-2025“ დროს მაჩაბლის ცნობილი საჭადრაკო პარტიების გათამაშება გაიმართა. ცხინვალის მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა კი სტუმრებს შექსპირის ნაწარმოების ივ. მაჩაბლის მიერ თარგმნილი ნაწყვეტები წაუკითხეს (ლელა მახნიაშვილი – ლედი ანა, “რიჩარდ მესამე”, ვაჟა ციცილოშვილი – ჰამლეტის მამის აჩრდილის მონოლოგი (“ჰამლეტი”).

ღონისძიებაზე გაჟღერდა ქართული ხალხური სიმღერები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა წეროვნის ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ახალი თაობა“, ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის “ნართები” ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა და ახალგორის მუნიციპალიტეტთან არსებულმა ანსამბლმა “ლომისი” შეასრულეს.

ღონისძიების დასასრულს ივ. მაჩაბლის სახელობის სკვერის და მისი ბიუსტის დადგმის ნიშნულის განთავსების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სიმბოლურად დამსწრე საზოგადოებამ მიიღო.

„მაჩაბლობა-2025“-ს წეროვანში დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის აპარატის ხელმძღვანელი შერმადინ შარია, დეპუტატი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, დეპუტატი გენრიეტა წიწავა, დეპუტატი გენო პეტრიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, შიდა ქართლში რწმუნებული სიმონ გულედანი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზვიად მინდიაშვილი, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თუთარაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა შერმადინი, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპარტაკ პეტრიაშვილი, თიღვის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წარმომადგენელი მამა რაჟდენი (გინტური), სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნაირა ბეპიევი, პოეტი მზია ხეთაგური, ცხინვალის საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიება „მაჩაბლობა-2025“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

შეგახსენებთ, ამა წლის 26 ივნისს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მთაწმინდაზე გვირგვინით ივანე მაჩაბლის პირობითი საფლავი შეამკეს, სადაც ინახება ძვალი, რომელიც მას გაუჩინარებამდე, 1898 წლის 26 ივნისამდე, ორიოდე კვირით ადრე, ოპერაციის დროს ამოუღეს.

ასევე 2024 წლის ნოემბერში, გორში, სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ალბომის „ვანო მაჩაბელი- გზა ევროპისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ივ. მაჩაბლის 170 წლის იუბილეს. ბროშურა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია