სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი ქართული კალიგრაფიისა და თეატრის საერთაშორისო ფესტივალს „გულანი“ დაესწრო, რომელმაც სხვადასხვა ერთა კულტურა, დიასპორა, თეატრი, კალიგრაფია გააერთიანა. ფესტივალი ეძღვნებოდა ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალურად გახსნას.

ფესტივალზე წარმოდგენილ იქნა მისი ორგანიზატორის, თიკა სვანიძე-ვენკოს საავტორო ქართულ-ინგლისურენოვანი წიგნი “გულანი”, რომელიც მკითხველს ქართულ დამწერლობასა და კალიგრაფიის საიდუმლოებას აცნობს და ამით პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა.
საზოგადოების წინაშე წარმოდგენილ იქნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის, ჰერეთის, ევროპის ქვეყნების, იაპონიის, ჩინეთის როგორც მოყვარული კალიგრაფების,ისე პროფესიონალი ოსტატების ნამუშევრები.
ფესტივალს დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში იდიძუკა ჰიდეკი, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი, ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა,რომელიც საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხა მოხმარდებათ შშმ პირებს.
ფესტივალის ორგანიზატორი – თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თიკა სვანიძე-ვენკო და მისი შემოქმედებითი ჯგუფი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანადგომით.