საქართველოს მთავრობა – 2019 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებების, მილიტარიზაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება აქტიურად მიმდინარეობდა

0
617

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების, მილიტარიზაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება აქტიურად მიმდინარეობდა.

აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის − ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იყო ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა და მხარდაჭერის მობილიზების კიდევ უფრო გააქტიურებისკენ.

მთავრობის ცნობით, საანგარიშო პერიოდში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე და 50-ე რაუნდები, სადაც ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა ის მწვავე საკითხი, რაც გამოწვეულია რუსეთის ოკუპაციითა და მისი დესტრუქციული ნაბიჯებით.

„ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე. პარალელურად, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესების აღმოფხვრის მიზნით, უწყვეტად გრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან (აშშ). საანგარიშო პერიოდში ყურადღება გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (შემდგომში − იპრმ) აღდგენაზე, ვინაიდან ერგნეთის იპრმ შეჩერებულია 2019 წლის აგვისტოდან, ხოლო გალის − 2018 წლის ივნისიდან. მთავრობის ძალისხმევის შედეგად, საანგარიშო პერიოდში ერგნეთში შედგა 6 ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს”, – აღნიშნავს მთავრობა.

ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლების ცნობით, გაგრძელდა მუშაობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზების, ინდივიდუალური ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაძლო შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით.

„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად იქნა განხილული ორმხრივ ფორმატებში, განსაკუთრებით კი სტრატეგიულ პარტნიორებთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) სხვადასხვა დონეზე გამართული დიალოგებისას; ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში − გაერო) უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და ნატოს შესაბამის ფორმატებში. საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემების ასახვა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში.

ქართული მხარე მუდმივად უსვამს ხაზს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. ყველა შესაძლო დონეზე ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საკითხის გააქტიურება. ქართული მხარის ინტენსიური მუშაობის შედეგად, 2019 წელს უზრუნველყოფილ იქნა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მონაწილეობა მისიაში”, – აცხადებს მთავრობა.

ანგარიშში საუბარია რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც.

„დეოკუპაციისა და შექმნილი ვითარების დეესკალაციის მიზანს ემსახურებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, რომელიც გაიმართა შვეიცარიის მხარის ინიციატივითა და ორგანიზებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, 2019 წლის 26 სექტემბერს. შეხვედრის მიზანშეწონილობა განხილულ იქნა მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, გენერალური ასამბლეის მსვლელობისას გამართულ შეხვედრებზე და ყველა მათგანის მხრიდან მკაფიოდ აღინიშნა შექმნილ ვითარებაში საუბრის გამართვის საჭიროება, რაც მათ გაკეთებული განცხადებებითაც დაადასტურეს. გრძელდება მუშაობა არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით”, – აღნიშნავს მთავრობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here