ოსური ცეკვის მასტერკლასის ოფიციალური გახსნა გაიმართა თბილისში (VIDEO)

0
258

სწორად ასრულებენ თუ არა ქართული ცეკვის ანსამბლები ოსურ ხალხურ ცეკვებს? ამ კითხვაზე პასუხი გაეცა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, სადაც გაიხსნა ოსური ცეკვის მასტერკლასი ქორეოგრაფების, მოცეკვავეებისა და ქორეოლოგებისთვის. საკუთარ გამოცდილებას ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარებენ ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „ნართების“ კონსულტანტი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ომარ ხუბაევი, ასევე სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ალანის“  მოცეკვავეები მაია ძაგოევა და ასლანბეკ გოგიჩაევი, რომლებიც ვლადიკავკაზიდან კონცერტმაისტერ და მუსიკოს ზარინა გუჩმაზოვასთან ერთად მოიწვიეს. ისინი ქართველ კოლეგებს  ოსური ცეკვების შესრულების დახვეწაში დაეხმარებიან სამი დღის განმავლობაში – 17, 18 და 19 ნოემბერს.

ანსამბლ “ალანის” კონცერტმაისტერ ზარინა გუჩმაზოვას თქმით, ის იცნობს ქართული ანსამბლების შემოქმედებას და მათ მიმართ დიდი პატივისცემით არის განწყობილი: „გვსურს გაგიზიაროთ ის ძირითადი ელემენტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს ოსური ცეკვებისა და მუსიკის შესრულებისას. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცნობთ თქვენი ანსამბლების შემოქმედებას. და მე შემიძლია აღვნიშნო მათი შესრულების მაღალი დონე მთელ კავკასიაში“.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყოველწლიურად ატარებს ცეკვის მასტერკლასებს. ცენტრმა უკვე ჩაატარა მასტერკლასები სვანურ, აჭარულ, აფხაზურ, რაჭულ ცეკვებში. წელს მასტერკლასების მონაწილეთა მხრიდან  გაზრდილი ინტერესის გამო, გადაწყდა მეორე ტრენინგის ჩატარება, რომელიც ოსურ ცეკვებს მიეძღვნა. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამიერიდან მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფებისთვის ტრენინგები წელიწადში ორჯერ გაიმართება: „ოსური ცეკვის მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს უნდა შეევსოთ აპლიკაცია. 120 აპლიკანტით შემოვიფარგლეთ. სამწუხაროდ, ჩვენი დარბაზი მეტ მოცეკვავეს ვერ იტევს. დღეს, ძირითადად, თბილისიდან არიან ქორეოგრაფები, ქორეოლოგები, მოცეკვავეები. მათ აქვთ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ თავიანთი უნარები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ასევე, მადლობა ჩვენს მენტორებს”.

გახსნაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ხალხის – ქართველებისა და ოსების მეგობრობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ოს ხალხს, ჩვენ ერთი ორგანიზმი გვაქვს. პირადად ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ოსური მელოდიებზე ვიღვიძებდი. არ არსებობს ანსამბლი საქართველოში, რომლის პროგრამაში არ იყოს ოსური ცეკვები. ისმის კითხვა: რამდენად სწორად ვცეკვავთ? რამდენად გამართულია ყველანაირად? და  ეჭვი გვეპარება, ჩვენ ცოტა ჩვენ ხასიათში გადმოვიტანეთ ეს ყველაფერი, ჩვენ ასე მოგვწონს, ისე მოგვწონს, მაგრამ მე, როგორც სპეციალისტი ვთვლი, რომ ჩვენ სწორად უნდა აღვზარდოთ ამ ნაკვალევზე ჩვენი მომავალი სპეციალისტები“,  – განაცხადა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა დვალიშვილმა.

მასტერკლასის გახსნას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსი თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. თამაზ ბესტაევმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან სტუდენტებსა და ქორეოგრაფებს საინტერესო მასტერკლასი და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here