ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში, 17-18-19 ნოემბერს #ოსური ცეკვის მასტერკლასი გაიმართება.
მასტერკლასს ჩაატარებს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,ნართები” კონსულტანტი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ომარ ხუბაევი. ასევე, მასტერკლასის ჩასატარებლად მოწვეულნი არიან ვლადიკავკაზის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,ალანის” სოლისტები – მაია ძაგოევა, ასლანბეგ გოგიჩაევი და ათამაზ ხაბალოვი.
თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფები, ქორეოლოგები, სტუდენტები და მოცეკვავეები კვალიფიციურ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. მოეწყობა უნიკალური ვიდეოჩანაწერების ჩვენება, გაიმართება დისკუსია. სამდღიან მასტერკლასში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მასტერკლასების ხელმძღვანელია ფოლკლორის ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტუს პროფესორი უჩა დვალიშვილი.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – 120 აპლიკანტი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.