ლექსების კრებულის “არ დამივიწყო, კესანე…” პრეზენტაცია (VIDEO)

“არ დამივიწყო, კესანე…“ -ეს არის თამარ გოგიძის ლექსების კრებული. პოეტი სოფელი ძარწემიდანაა, რომელიც ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

წიგნის პრეზენტაცია 15 აპრილს  სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით. ავტორის მიერ წაკითხული ლექსების მოსასმენად  ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლები მივიდნენ, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საკუთარ სახლებში. 

პირველი პოეტური კრებულის გამოშვება თამარ გოგიძეს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიულოცეს.

თამარი პროფესიით ექიმია – სტომატოლოგი.  პოეტური ნიჭი ღრმა ბავშვობაში  აღმოაჩნდა – 4 წლის ასაკიდან წერს ლექსებს: „არავის ვუმხელდი ჩემს გატაცებას პოეზიისადმი: ვწერდი სკოლის წლებშიც და სტუდენტობის პერიოდშიც და მხოლოდ ორი წლის წინ გადავწყვიტე ყველა ჩემს ახლობელსა და მეგობრისთვის გამემხილა საიდუმლო: რომ პოეზია ჩემი სტიქიაა, ჩემი ცხოვრება.  „არ დამივიწყო, კესანე“- ჩემი ლექსების პირველი კრებულია.  ადრე ჩემი პოეზია წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კრებულებში, სადაც ასევე შევიდა სხვა პოეტების ლექსები – მაგალითად, „მინიატურული პოეზიის“ პირველ და მეორე ტომებში“, – იხსენებს პოეტი.

ცხოვრებაში უმთავრესად სიყვარულს მიიჩნევს – ყოვლისმომცველ, გულწრფელ – სიყვარულს ადამიანებს შორის და სიყვარულს ღმერთისადმი: ”სადაც არის ღმერთის სიყვარული, იქ ყველაფერია: სიყვარული, მეგობრობა, წყალობა, ბედნიერება, სიცოცხლის სიხარული”, – ამბობს პოეტი. .

მისი ლექსების უმეტესობა კრებულში  “არ დამავიწყო, კესანე…” სიყვარულსა და მეგობრობაზეა. თავად ყვავილი კესანე კი მისთვის სიყვარულის, უბრალოების, გულწრფელობის და მშვენიერების სიმბოლოა. 

მის კრებულში ასევე წარმოდგენილია სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები, ჩაქსოვილია პოეტურად აღწერილი საყვარელი ადგილები სამაჩაბლოში და ძარწემში, ის აღწერს ბუნების ბრწყინვალებას.

პოეტი აღფრთოვანებულია ისეთი ქართველი პოეტებით, როგორებიც არიან გალაკტიონ ტაბიძე, ლადო ასათიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული ლიტერატურის მრავალი სხვა კლასიკოსი.

კითხვაზე – “უნდა ველოდოთ თუ არა შემდეგ პოეტურ კრებულს?”  – პასუხობს: „ყოველთვის, როდესაც ახალ ლექსს ვწერ, ვფიქრობ, რომ ეს არის ზღვარი, რომ იმის იქით სხვას აღარაფერს დავწერ.  მაგრამ სასწაული ხდება და ყველაფერი თავიდან იწყება“.

VIDEO ინტერვიუ – რესპონდენტები: პოეტი თამარ გოგიძე და კულტურის სამმართველოს წარმომადგენელი თამარ ხიზანიშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია