2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

0
474

ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 370 საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

„2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ დაახლოებით 3 ათასიდან 4 ათასამდე საჩივარს. სტარსბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციებეული რეფორმების შედეგია, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ წარმატებას თავისი აქტორები ჰყავს და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ჩართული იყო აღნიშნულ საქმეში და ამავდროულად განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი აღნიშნულ გამარჯვებაში. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა გულშემატკივარს. სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ აუცილებლად ერთად ვიზეიმებთ მიზნით გამარჯვებას“,- განაცხადა მინისტრმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here