…თუ ოდესმე გადაწყვეტთ იგრძნოთ სიყვარული ქართველებსა და ოსებს შორის, უთუოდ სოფელ არეშფერანს უნდა ესტუმროთ, სადაც ყოველწლიურად 15 ოქტომბერს სახალხო ზეიმი „კოსტაობა“ ტარდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ამ არცთუ ისე შორს მდებარე სოფელში ყოველთვის გაიგებთ ოსურ საუბარს და ქართულ სიტყვას, რაც სულს ათბობს და რწმუნდები, რომ ეს სიყვარული არათუ არ ქრება, არამედ წლიდან წლამდე მხოლოდ მტკიცდება.
ამ წელს ოსი პოეტის, საზოგადო მოღვაწის, მხატვრისა და ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლის, კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 166 წელი შესრულდა.
„კოსტაობას“ სოფელ არეშფერანში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთად აღნიშნავენ.
ოსური ტრადიციული დახვედრის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს, შემდეგ კი სახალხო ზეიმს შეუერთდნენ.
არეშფერანში „კოსტაობას“, ტრადიციულად, უამრავ ჩამოსულ სტუმართან ერთად, ამ და ახლომდებარე სოფლების მკვიდრი ესწრება.
არეშფერნის საჯარო სკოლის დიდ ეზოში სხვადასხვა სივრცე მოეწყო – უამრავი სპორტული აქტივობა ჩატარდა.
ზოგი თვალყურს ჭიდაობას ადევნებდა – ახალგაზრდა თაობას გულშემატკივრობდა და მათ დაჯილდოებასაც დაესწრო.
ფეხბურთისა და ფრენბურთის მოყვარულებმაც გაიზიარეს გამარჯვებული გუნდების სიხარული და მათ თასების, სიგელებისა და მედლების მოგება მიულოცეს.
სკოლის ეზოს მახლობლად კი ცხენების დოღი გაიმართა, სადაც მათი სისწრაფე და გამძლეობა განსაკუთრებულ ადრენალინს სძენს უამრავ მაყურებელს – ისინი, როგორც წესი, დოღში გამარჯვებულს განსაკუთრებული ოვაციებითა და ტაშით ველის ნაპირზე ხვდებიან.
„კოსტაობა“ კონცერტის გარეშე ვერ ჩაივლიდა: ოსური „სიმდი“, „ცეკვა ქართული“, „რაჭული“ და სხვა ხალხური ცეკვები ბავშვთა ანსამბლებმა – „ილიელი“, „ქურმუხი“, „ლალე“ – მოამზადეს, რაც ქართულ-ოსური ურთიერთობების კიდევ ერთ გამოხატულებად იქცა; ცეკვის ენის ენერგეტიკა კი მაყურებელში ერთად ყოფნის სიხარულს აღვივებდა.
ერთმანეთს სტუმრები ყველაზე „გემრიელ“ სივრცეშიც ხვდებოდნენ, სადაც ქართული სამზარეულოს კერძები ფონისა და არეშფერნის სკოლა-ბაღებმა წარმოადგინეს, ხოლო ოსური ხაჭაპური, ჭახრაკინები, ოსური ლუდი და მწვადი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ.
„მნიშვნელოვანია, რომ სოფელ არეშფერანში შერეული მოსახლეობაა, ქართველები და ოსები, რომლის თანაცხოვრება საუკუნეებს ითვლის. „კოსტაობა“ საქართველოში ასეთი მასშტაბით მხოლოდ ამ სოფელში აღინიშნება, მინდა მადლობა გადაუხადო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ორგანიზებისთვის, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციასთან ერთად. კოსტა ხეთაგუროვის იუბილეს ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ და მინდა როგორც ქართველებს, ისე ოსებს მივულოცო ეს დღე. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართველებისა და ოსების ურთიერთობის აღდგენაში, მეგობრობაში – ამას ჩვენ მის ნაწარმოებებში ვხედავთ. ხეთაგუროვი მნიშვნელოვანი პიროვნება გახლდათ. ყველას ვულოცავ „კოსტაობას“!“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.
„დღეს არა მხოლოდ კოსტა ხეთაგუროვის იუბილეა და ამ დღის აღნიშვნმა ხდება, არამედ ხდება ქართული და ოსური კულტურების, ტრადიციების თანხვედრის, კავშირის აღნიშვნა, ოსი და ქართველი ხალხის მეგობრობის ურთიერთპატივისცემის, ჩვენი ისტორიის პატვისცემის დღეა. მიხარია, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ დღევანდელ დღეს…
ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ ღონისძიების ორგანიზებაში, გალამაზებაში, მინდა მათ მადლობა გადავუხადო, თითოეულ მოქალაქეს, მოწვეულ სტუმრებს. არასოდეს არ დაგვევიწყოს ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსული, ჩვენი წინაპრები და ის საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც თავისი ცხოვრებით მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს კულტური განვითარებას და ხალხთაშორის ურთიერთობის განმტკიცებას“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
„დღეს კოსტა ხეთაგუროვის დღეზე თავი მოიყარა უამრავმა ადამიანმა, ოსებთან და ქართველებთან ერთად, სხვადასხვა ერების წარმომადგენლები არიან ჩვენს გვერდით. ერთად ვზეიმობთ „კოსტაობას“. დღევანდელ დღეს სტუმრები საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 დღის მანძილზე.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ჩვენი მეცნიერები, ასევე სტუმრები საფრანგეთიდან, იტალიიდან, ძალიან დიდი სიამოვნებით ეცნობიან „კოსტაობაზე“ წარმოდგენილ ღონისძიებებს – მათთვის საინტერესოა ის დოღიც, რაც არეშფერანში იმართება, ქართულ-ოსური ცეკვა-სიმღერა და სხვა აქტივობები. ჩვენი სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს სილამაზით, მრავალფეროვნებით, და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამას მასპინძლობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. მთავარი, რა საკვირველი, არის თბილისის სახელობის უნივერსიტეტი თავისი სამეცნიერო მიმართულების ინიციატივით, და ასევე ისინი, ვინც ჩვენს გვერდით დგანან, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, მისი ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი. ყველას გისურვებთ წარმატებებს და მრავალ „კოსტაობას“ დაგვასწროს ღმერთმა!“, – განაცხადა ნაირა ბეპიევამ.
„კოსტაობა“ უკვე წლებია იქცა იმ ადგილად, სადაც ქართველებს და ოსებს ძმობისა და სიყვარულის მტკიცება არ უწევთ, რადგან ამ შეხვედრის სიხარული ყველაფერს უსიტყვოდ ცხადყოფს.