კოდის დევნილთა დასახლებაში გაიმართა წიგნების „სიძველეები ლიახვის ხეობაში“ და „ცხინვალის ქართული პრესის ისტორია“ პრეზენტაცია

გორში პრეზენტაციის შემდეგ იოსებ მეგრელიძის წიგნის „სიძველეები ლიახვის ხეობაში“ (დიდი ლიახვის ხეობა) პრეზენტაცია კოდის დევნილთა დასახლებაში არსებული ერედვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა. წიგნი გამოიცა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით – დაიბეჭდა 200 ეგზემპლიარი.

დამსწრე საზოგადოების წინაშე წიგნის ავტორის შვილი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი გუბაზ მეგრელიძე გამოვიდა და უამბო, თუ როგორი გზა გაიარა ამ წიგნმა, სანამ მისი ორი ნაწილი ერთ კრებულად დაიბეჭდებოდა. მისი თქმით, მეცნიერებს, რომლებიც იკვლევენ ქართულ ყოფას, ხელოვნებას, წარსულს, დიდი მისია აკისრიათ, რათა თაობებს გადასცენ ის უძვირფასესი განძი, რომელიც წინაპრებმა დატოვეს.

“მტკიცდება მეცნიერულად, რომ ეს არის ქართული კულტურის ძეგლები – აქ არის წარწერები, საფლავების ეპიტაფიები, ის გადმოცემები, ჩანაწერები, რაც ხალხში იყო გავრცელებული იმ პერიოდში, როგორც ოსი, ისე ქართველი მოსახლეობის მიერ დასახელებული… ეს არის ეთნოგრაფიული მასალაც ამავე დროს“, – განაცხადა გუბაზ მეგრელიძემ.

რობერტ ოდიკაძის წიგნის „ცხინვალის ქართული პრესის ისტორია“ გამოცემა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ დააფინანსა – დაიბეჭდა 300 ეგზემპლიარი.

წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, რომ ნამუშევარი მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ქართული პრესის ისტორიის შესწავლას ქართულ-ოსური ეთნოკონფლიქტის ურთულესი ვითარების ფონზე.

წიგნი მოიცავს ცხინვალის რეგიონის ქართული პრესის მძიმე პერიოდს  – XX საუკუნის 80-90 წლებიდან დღემდე მონაკვეთს – იმ პერიოდს, როდესაც ქართველებსა და ოსებს შორის რეგიონში ურთიერთობები გამწვავდა, რასაც ეთნოკონფლიქტის გამწვავება მოჰყვა.

„შედეგად, იარაღის მუქარით წინაპართა სამკვიდროდან ათასობით ქართველი აიყარა და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა“, – ვკითხულობთ წიგნის წინასიტყვაობაში.

პრეზენტაციას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები, კოდის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი შიხიაშვილი, კოდის კულტურის სახლის დირექტორი ნინო ჟუჟნიაშვილი, მეცნიერები, ლიტერატორები, ისტორიკოსები. წიგნების პრეზენტაციას ადგილობრივი დევნილი მოსახლეობა ესწრებოდა. სტუმრებს სახსოვრად გადაეცათ ორივე წიგნი.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ანსამბლმა „ვარსკვლავები“, ანსამბლმა „მშვიდობის მტრედები“ და შემსრულებელმა ნია ასკილაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია