სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას.
მათ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
რუსეთის აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის, ოკუპაციას. მოსკოვი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრულ უგულებელყოფას.
8 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი გორში მიაგო.

ბესტაევმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა – მეუფე ანდრიამ აღავლინა.
აღვნიშნავთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს.
2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.