15 ოქტომბერს ოსი პოეტის, საზოგადო მოღვაწის, მხატვრისა და ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლის, კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 165 წელი შესრულდა.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სოფელი არეშფერნის საჯარო სკოლის ეზოში ყოველწლიურად ატარებს “კოსტაობას” – სახალხო ზეიმს, რომელსაც უერთდება ამ და ახლომდებარე სოფლების მკვიდრი და უამრავი სტუმარი.
“კოსტაობა” ტრადიციულად მრავალფეროვანი ღონისძიებებით ამახსოვრდება სტუმარს – იმართება დოღი, ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, ფეხბურთის მატჩი, ნახატების გამოფენა, ეწყობა ოსურ-ქართული სუფრის კუთხე, სადაც მსურველს შეუძლია დააგემოვნოს კერძები.
მოსულ სტუმრებს ოსური ტრადიციით ხვდებიან: უაცამონგით ოსურ ლუდს სთავაზობენ. ამის შემდეგ კი კოსტა ხეთაგუროვის ძეგლს გვირგვინით ამკობენ.
სკოლის ეზოში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, იმართება ადგილობრივი ფოლკლორული საბავშვბო ანსამბლების კონცერტი – სრულდება როგორც ქართული, ასევე ოსური ცეკვები.
„კოსტაობას“ დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი, ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები, ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის, განათლების სამსახურის წარმომადგენლები და არეშფერნის სკოლის მასწავლებლები.
ქართულ-ოსური ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ დააჯილდოვა ბ-ნი ჯონდო მდივნიშვილი, ქ-ნი ნაირა ბეპიევი, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები და ოსური ენის მასწავლებლები.
„ჩვენ აღვნიშნავთ „კოსტაობას“ – უკვე ტრადიციად ქცეულ დღესასწაულს, რომელსაც მთელი სოფელი ზეიმობს, ამ უდიდესი პიროვნების ღვაწლს აღნიშნავს. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს სტუმრებს მხარდაჭერისათვის, მობრძანებისთვის, ქორეოგრაფებს, რომლებიც ალამაზებენ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯოდნო მდივნიშვილმა.
“ყველასთვისაა ცნობილი, თუ რა ღვაწლი აქვს გაწეული კოსტა ხეთაგუროვს ქართულ-ოსურ ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში, მწერლობაში: იგი საამაყო პოეტი და პიროვნება იყო, როგორც ოსი ხალხისთვის, ისე ქართველებისთვის. ვულოცავ ყველას ამ დღეს!”, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა.
“ეს არის ქართველი და ოსი ხალხის საერთო დღესასწაული, საერთო ზეიმი, ჩვენი მეგობრობის სიმბოლო, სიმბოლო ჰარმონიული თანაცხოვრების, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის ერთიანი ნაბიჯების გადადგმისთვის, აი ამ კავშირების დამყარების… მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუდამ ზრუნავს იმაზე, რომ შენარჩუნებული იყოს ის ტრადიციები, რაც აქვს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას. ისტორიულად, ჩვენ ვმეგობრობდით და კოსტა ხეთაგუროვი იყო ამ მეგობრობის სიმბოლო, პატივისცემის, თავის ნაწარმოებებში, პუბლიცისტიკაში თუ პირად ურთიერთობებში, ყოველთვის მზად იყო იმისათვის, რომ თანაბარ დონეზე, თანასწორად, მეგობრულად ქონოდა ურთიერთობა ქართველ ხალხთან. დღეს ქართველი და ოსი ხალხის დღესასწაულს გილოცავთ”, – განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
“გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მთელი სულისკვეთებით ერის საჭიროებებზე არიან მორგებულნი, მათი მიზანმიმართული საქმიანობა სწორედ ერის საჭიროებას ემსახურება. ასეთი გახლდათ კოსტა ხეთაგუროვი – ეროვნული გმირი, ეროვნული თვითშეგნების ადამიანი, რომელიც მის წინამძღოლად იქნება, მის სიმბოლოდ მიჩნეული. კოსტამდე ასეთი სიმბოლო ოსებს არ ჰყავდათ – ასეთი დიდი და მონუმენტალური ფიგურა. კოსტა არის ერის სულიერი წინამძღვარი, კოსტა არის ერისათვის დიდი ლიტერატურული ისტორიის შემქმნელი, ამიტომ მას ყველა ხალხი, ყველა ადამიანი დიდ პატივს მიაგებს”, – განაცხადა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ნაირა ბეპიევამ.