თამაზ ბესტაევი მეღვრეკისში “კახის კლუბის” გახსნას დაესწრო

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეღვრეკისის სპორტულ ბაზაზე “კახის კლუბის” გახსნას დაესწრო, რომელიც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის და რეკორდსმენის კახი კახიაშვილის მიერ არის დაარსებული.

“კახის კლუბის” გახსნის ღონისძიებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, მძლეოსნობის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამომსვლელები თავის სიტყვაში ხაზს უსვამდნენ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა მეღვრეკისის მოსახლეობაში როგორც ძალოსნობის, ასევე ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა სპორტული ინფრასტრუქტურა რამდენიმე წლის წინ მოაწყო. სპორტული ბაზა სავარჯიშო ინვენტარით ძალოსნობის ფედერაციამ აღჭურვა.

ამჟამად ბაზაზე როგორც მეღვრეკისში, ისე მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 50-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს.

კახის მიერ დაარსებულ სპორტული ბაზის პირველი დარბაზი კახიაშვილის მწვრთნელის, ივანე (ვანო) გრიქუროვი-როკაშვილის სახელს ატარებს, მეორე კი კახი კახიაშვილისას. იგეგმება კიდევ 3 დარბაზის გახსნა, რომლებსაც ასევე ოლიმპიური ჩემპიონების, გიორგი ასანიძის, ლაშა ტალახაძისა და რაფაელ ჩიმიშკიანის სახელები მიენიჭება.

ღონისძიება მუსიკალურად სამხრეთ ოსეთთან არსებულმა ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა “ნართები” გააფორმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია