რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.
ჰუმანიტარული ტვირთი – 54 ყუთი საკვები პროდუქტი და 18 ფუთა სამოსი დასახლებაში მცხოვრებ 207 ოჯახს დაურიგდა.
დახმარება კანადიდან გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის განყოფილებამ Friedensbote-მ გამოგზავნა.
Friedensbote რეგულარულად აწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, ეროვნებისა და აღმსარებლობის განურჩევლად. დახმარება წელიწადში ხუთჯერ იგზავნება – ძირითადად, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანების დონორი Friedensbote-ს ქრისტიანული მისია „მშვიდობის მაცნეა“.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს შაუმიანის დევნილთა დასახლებაში პროექტის განხორციელებისთვის.
„დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის რელიგიის სააგენტოსა და Friedensbote-ს. ჩვენი დევნილებისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.