წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ქსნის ხეობელთა ტრადიციული დღესასწაული “ერისთავობა“ გაიმართა. ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი დაესწრო.
„ერისთავობა 2024“-ის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტისა და კულტურის სახლის ორგანიზებით, დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობები მიმდინარეობდა.
შეჯიბრი მოეწყო ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში. თამაზ ბესტაევმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ბალაშვილმა დააჯილდოვეს ქართული ჭიდაობის ტურნირში გამარჯვებული და პრიზიორები – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ მათ თასი, მედლები და სიგელები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩატარდა პარაკლისი, გამოიფინა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები, გაიხსნა ანსამბლ „ლომისის“ ვარსკვლავი და დაჯილდოვდნენ 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანი კურსდამთავრებულები.
დღის ბოლოს კი, სკვერში არსებულ ღია სცენაზე, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და „ერისთავობის“ დღესასწაული მიულოცეს.