სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების შესახებ

2025 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №303 დადგენილებით.

პირებმა, რომლებიც ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მისაღებად უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები:

  • ერედვის, თიღვის, ახალგორის ან ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აიღონ ცნობა იმის შესახებ, რომ თავიანთ  ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
  • მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აღებული ცნობა, განცხადებასთან  და პირადობის მოწმობასთან ერთად, 2025 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით  წარადგინონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მისამართზე: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქუჩის ჩიხი №1 (საკონტაქტო პირი: მარინე ქრისტესიაშვილი, ტელ.: 595958067).

დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ასევე გორში მისამართზე: სტალინის ქუჩა №16 (საკონტაქტო პირი: ნანა ხუცინაშვილი, ტელ.: 595958052).

 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 3 სამუშაო დღეში მოამზადებს ცნობას იმის შესახებ, რომ განმცხადებელი 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

განმცხადებლებმა 2025 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გააკეთონ განაცხადი განათლების საინფორმაციო სისტემის პორტალზე (http://socreg.mes.gov.ge) და ამ პორტალზევე ატვირთონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა. 

განაცხადის შევსების დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ზემოთ აღნიშნულ პორტალზე. 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია