გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში ჩატარდა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხევის“ სოლო კონცერტი. ანსამბლში თებერვლიდან ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვები ცეკვავენ (5-17 წლის). ეს პროგრამა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხევის“ ერთობლივი პროექტია.
საღამო ხელთუბნის სტადიონზე გაიმართა. 110-მა აღსაზრდელმა, რომლის 40% დევნილი ბავშვები წარმოადგენენ, მაყურებელს მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს – ცეკვა „ფანდური“, „ქალთა ცეკვა“, „ქალ-ვაჟთა მთიულური“, „აბრაგული“, „მუცოური“, „განდაგანა“, „რაჭული“ და სხვა.
ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი დაესწრო.
„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ ეს პროექტი შედგა. დღეს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი დევნილი ბავშვები, რომლებსაც ქართული ხალხური შემოქმედება დიდ სიხარულს ანიჭებს. წლიდან წლამდე ისინი უკეთესები გახდებიან ანსამბლ „ხევის“ წიაღში. მე მათ წარმატებებსა და დიდ წინსვლას ვუსურვებ“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.
სტუდიის პადაგოგის, „ქორეოგრაფთა კავშირის“ დამსახურებული ქორეოგრაფის რამაზ შიოშვილის თქმით, სტუდია მომავალშიც გააგრძელებს დევნილი ბავშვების მიღებას – ამის სურვილი უკვე ბევრმა მშობელმა გამოთქვა.
„ამ პროექტმა ძალიან გაამართლა. ჩვენთან ბავშვები სხვა ანსამბლებიდანაც გადმოვიდნენ. ზოგმა მშობელმა პირველად ისარგებლა დევნილის სტატუსით, რათა ჩაერთო შვილი ამ პროექტში, რომელიც დევნილი ბავშვებისთვის უფასოა. მათ ძალიან ახარებთ, რომ ჩვენი ბავშვები გამოდიან სხვადასხვა კონცერტებსა თუ ფესტივალებზე – მაგალითად, თვეების წინ 15 დევნილმა ბავშვმა მცხეთაში ფესტივალზე რამდენიმე ცეკვა შეასრულა.
აღვნიშნავ, რომ ჩვენი სოლო კონცერტის სოფელ ხელთუბანში ჩატარება განპირობებულია იმით, რომ გვსურს, ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც მოკლებულია სანახაობას, სიამოვნება მივანიჭოთ ჩვენი გამოსვლით, ქართული ხალხური ცეკვით“, – განაცხადა რამაზ შიოშვილმა.
შეგახსენებთ, ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ცეკვის კლასები 2024 წლის თებერვალში გაიხსნა. ახალი წამოწყება – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხევის“ ერთობლივი პროექტია.
კლასები „ხევის“ სტუდიის ბაზაზე იფუნქციონირებენ – ქალაქ გორში Hotel Georgia Gold-ის შენობასა (სტალინის გამზირი 26ა) და ბერბუკის დევნილთა დასახლების მიმდებარედ სოფელ ხელთუბნის კლუბის შენობაში (2 კმ). მსურველები ქართულ ხალხურ ცეკვებს სწავლობენ და სხვადასხვა ფესტივალში იღებენ მონაწილეობას.
სტუდიას გამოცდილი პედაგოგი – ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლ “ნართების” ყოფილი მოცეკვავე, „ქორეოგრაფთა კავშირის“ დამსახურებული ქორეოგრაფი რამაზ შიოშვილი უძღვება.