შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა და სამომავლო ხედვები.
აღნიშნულ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიმართულებით პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
წყარო: https://www.facebook.com/SMRCEgeorgia/videos/495383192335526