ერედვიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას, ერედვის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში არსებულ დევნილთა ჩასახლებაში დროებით მცხოვრები დევნილი ბავშვები ესტუმრნენ. მათ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს ბაპტისტური ეკლესიათა კავშირმა საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ჰუმანიტარული ტვირთი – 25 ყუთი ტკბილეული და 15 ფუთა ტანსაცმელი – გერმანიიდან საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Friedensbote-მ გამოაგზავნა.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა პარტნიორებს სოციალური პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენს ბავშვებს ძალიან გაუხარდათ საჩუქრების მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და ბაპტისტურ ეკლესიათა კავშირს. ეს აქცია მეორედ ტარდება ჩვენი რეგიონის დევნილი ბავშვებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კარგი საქმეები ფასდაუდებელია, ისევე როგორც ჩვენი ბავშვების სიხარული”, – განაცხადა ბესტაევმა.

პასტორ ტარიელ პაპინაშვილის თქმით, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიების კავშირის დონორი Friedensbote-ს ქრისტიანული მისია „მშვიდობის მაცნეა“.

“Friedensbote რეგულარულად გვაწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჩვენ საჩუქრებს, ეროვნებისა და აღმსარებლობის განურჩევლად, ყველა გაჭირვებულ ოჯახს ვურიგებთ. დახმარება წელიწადში ხუთჯერ ჩამოდის – ძირითადად გერმანიიდან და ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ჩვენ ასევე ჩავატარეთ აქცია ენგურის კაშხალთან, სადაც საჩუქრები აფხაზეთიდან დევნილებს დაურიგდათ”, – განაცხადა პაპინაშვილმა.

საქველმოქმედო ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე, ბაპტისტურ ეკლესიათა კავშირის ეპისკოპოსის მოადგილე ვახტანგ შალუტაშვილი, რელიგიის საკითხთა სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ლოგისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია