,,დოდოი“, ოსი პოეტისა და ოსური სალიტერატურო ენის დამაარსებლის კოსტა ხეთაგუროვის ლექსზე შექმნილი ოსური ხალხური სიმღერა, გახდა დირიჟორ-ქორმაისტერ დავით ელბაქიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს დასკვნითი აკორდი. სწორედ მან გადაამუშავა წლების წინ “დოდოი”.
დავით ელბაქიძის მიერ გაწეული შრომა-დამსახურება და განვლილი ცხოვრება გაიხსენეს საიუბილეო საღამოზე, რომელიც ჩატარდა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მაყურებლის წინაშე ანსამბლ ,,ლიახვის“ ქორმაისტერის ცხოვრების ფურცლები სათითაოდ იშლებოდა, აცნობდა რა მის პიროვნებასა და მოღვაწეობას დამსწრე საზოგადოებას. მეგობრების გულწრფელ მილოცვებსა და მოგონებებს ქართული და ოსური ფოლკლორული და საესტრადო სიმღერები ენაცვლებოდა, რომელსაც ასრულებდა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ლიახვი“ მომღერალ თინათინ ჭულუხაძესთან ერთად.
ვოკალური ანსამბლი „ლიახვი“ დავით ელბაქიძემ ცხინვალში დააარსა. 1985 წლიდან „ლიახვი“ გასტროლზე იმყოფებოდა რუმინეთში, საფრანგეთსა და ინდოეთში. ანსამბლი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ორგზის ლაურეატია. 1988 წელს ანსამბლ ,,ლიახვს“ სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა.
მაგრამ 90-იანი წლების მოვლენების შედეგად, ანსამბლი იძულებული გახდა დაეტოვებინა ცხინვალი.
2007 წელს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ შექმნა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ნართები“, სადაც გუნდმა „ლიახვმა“ გააგრძელა მოღვაწეობა კონცერტმაისტერ მანანა ელბაქიძესთან ერთად.
საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. თამაზ ბესტაევმა აღნიშნა დავით ელბაქიძის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილი ფოლკლორში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იუბილარს ყაბალახი გადასცა.
სიტყვით გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. ნაირა ბეპიევამ დავით ელბაქიძეს მიულოცა იუბილე და სახსოვრად თავისი ნაშრომი გადასცა – “ქართულ-ოსური ურთიეთობები”: “მთელი ჩემი ცხოვრება, დავით, ქართულ-ოსური ურთიერთობების ბილიკებზე დავდივარ. ეს ბილიკები არის თქვენი სავალი ბილიკებიც. მე მინდა, რომ ყველა ადამიანმა ნახოს ეს ისტორიული ქრონიკები, რომელიც არქივში დოკუმენტური მასალებით არის მოძიებული და ამ წიგნში შეკრებილი”.
საიუბილეო საღამოს მშობლიურ ცხინვალზე ნოსტალგიის გარეშე არ ჩაუვლია – ნაცნობი ქუჩები, სკოლა, სტუდენტები და დავით ელბაქიძის პირველი ნაბიჯები შემოქმედებით გზაზე. იხსენებდნენ ტკივილით. ასევე რწმენით, რომ ოსები და ქართველები უბრალოდ განწირულნი არიან მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის – სიყვარულში და ჰარმონიაში. ამის შესახებ პოეტმა მზია ხეთაგურმა ისაუბრა საკუთარ ლექსსა და სიტყვით გამოსვლაში.
დავით ელბაქიძის ღვაწლი და მიღწევები აღწერილია ბიოგრაფიულ ბროშურებში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ დაამზადა ქორმაისტერის იუბილესთვის.
დავით ელბაქიძის მიერ გაწეული შრომა მნიშვნელოვანია: მან აღადგინა და გადაამუშავა ლილვაკი ჩაწერილი ოსური და ქართული სიმღერების უნიკალური ფოლკლორული ნიმუშები. ის აგრძელებს ამის კეთებას. კითხვაზე, თუ როგორი იყო მისთვის განვლილი 70 წელი, ქორმაისტერი აცხადებს: „70 წელი ერთ წამს ჰგავს და ამ წამს მადლიერებით უნდა შევხვდეთ – გულთან ახლოს არაფერი მივიტანოთ“.
იუბილე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. საღამოს დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცხინვალის დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები.