7 დღე შაორის ახალგაზრდულ ბანაკში

0
192

შაორის ახალგაზრდული ბანაკი აგრძელებს მონაწილეების მიღებას. 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ბანაკს სტუმრობენ წეროვნის ანსამბლ „წეროების“ მოზარდები. 

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ მათ საინტერესო ინტერაქტიული პროგრამა მოუმზადა, რომლის ფარგლებში დანარჩენ მონაწილეებთან ერთად, წეროვნელი ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ ოლიმპიადაში და შეეჯიბრებიან ერთმანეთს სპორტის 5 სახეობაში: კალათბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთი და ჭადრაკში.

რაც შეეხება, საგანმანათლებლო იტერაქტიურ შეხვედრებს, მათი თემატიკა მრავალფეროვანია:

  • რიტორიკა და კომუნიკაცია;
  • ავირჩიოთ პროფესია;
  • საუბრები ხელოვნებაზე;
  • ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და თვითგადარჩენა;
  • კიბერბულინგი და დანაშაულის პრევენცია.

არაფორმალურ გარემოში ბავშვები შეხვდებიან ცნობილ სპორტსმენებსა და ხელოვანებს, რომლებიც მათ თავის გამოცდილებაზე უამბობენ.

გარდა ამისა, ბავშვები ჩაერთვებიან შემოქმედებით ღონისძიებებში, რომლებიც მათი მონაწილეობით მომზადდება. თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამომჟღავნებას კი ბავშვები შეძლებენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში, როგორებიცაა „გემობანა“, „რა? სად? როდის?“ და სხვა.

ორგანიზატორი – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია – ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის ბანაკების მართვა. 3 წლიანი წყვეტის შემდეგ, ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სააგენტომ განაახლა საბანაკე ინფრასტრუქტურა.

სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ: „მნიშვნელოვანია, რომ საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით და მორგებულია ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე… 2023 წლიდან იგეგმება საბანაკე ინფრასტრუქტურის ადაპტირება. შესაბამისად, ბანაკები ინკლუზიური იქნება და საბანაკე სერვისებით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებიც შეძლებენ“.

ბანაკში მონაწილეობენ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათი შერჩევა მოხდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით. წელს, ბანაკები მასპინძლობენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს და სხვებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here