,,შენდამი რწმენით“ – შოთა დარბუაშვილის წიგნი მშობლიურ ცხინვალზე (VIDEO)

0
307

«ღამით ქალაქი ტკივილებს მალავს, ჭერქვეშ სუნთქვაა გამალებული, ქალაქს ატყვია დიდი იარა, ღამეში დადის უცხო მეგზური» – ეს არის სტრიქონები პოეტ შოთა დარბუაშვილის ლექსიდან „ცხინვალი 1989“. ავტორის წიგნის ,,შენდამი რწმენით“ პრეზენტაცია შემოქმედებით საღამოზე გაიმართა ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

«ლიახვთან», «ლტოლვილი მქვია», «ბედი», «აინშტაინიც ლტოლვილი იყო», «მინდა დავბრუნდე» – ამ ლექსებში გადმოცემულია დაკარგული სამშობლოს ტკივილი. ეს არის ლექსების, პუბლიცისტური წერილებისა და ესეების ნოსტალგიური კრებული, პოეტის მოგონებები მშობლიურ ცხინვალში გატარებულ წლებზე, ბავშვობაში დარჩენილ მეგობრებზე, ომზე და სიყვარულზე, მარტოობის სევდაზე და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების იმედზე. პოეტის შემოქმედების ფართო ასპარეზზე გატანა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.
თითოეულმა სტრიქონმა და ტკივილის განცდამ მშობლიურ ცხინვალზე, რომელიც ყველასთვის ახლოა და გასაგები, შოთა დარბუაშვილი გააერთიანა ყველა იმ ადამიანთან, ვინც მას წიგნის პრეზენტაცია მიულოცა.


მოგონებებმა წამიერად გადაიყვანა დამსწრე საზოგადოება მშობლიური ქალაქის ერთ-ერთ საყვარელ ქუჩაზე: და აი ამ მშვენიერ ქუჩაზე სეირნობისას, წიგნის პრეზენტაციის მისალოცად მისული სტუმრები კითხულიბდნენ მისი ლექსების სტრიქონებს, პროზაულ ჩანახატებს და გამოხატავდნენ გულთბილ სიტყვებს ავტორის მიმართ.


და, რა თქმა უნდა, გაიხსენეს ერთ დროს რიგითი ოსი ყმაწვილების საუკეთესო წლები – ვოკალური-ინსტრუმენტული ანსამბლ “ბონვარონი”-ს (“ბონვარნონი”) წარმატება. საღამოზე ნაჩვენები იქნა ,,ცხინვალელი ოთხეულის“ კლიპები – ნათელი მტკიცებულება იმისა, თუ რა გზა გაიარა შოთა დარბუაშვილმა მეგობრებთან ერთად 1971 წლიდან: გზა როკ-ჯგუფიდან, რომლის წევრები “ძია კოლიას” ავტოფარეხში იკრიბებოდნენ და იმ დროს აკრძალული ,,ბითლზებისა“ და „ლედ ზეპელინის“ სიმღერებს სწავლობდნენ, – ოცნების ასრულებამდე, როცა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ “ბონვარონის” უამრავი წარმატებული კონცერტი მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ ოვაციებით ტარდებოდა.


მერე იყო გზა როკიდან ფოლკლორამდე: შოთა დარბუაშვილმა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ “ბონვარონის” შემდეგ მოღვაწეობა ფოლკლორული ანსამბლ “ლიახვში”-ში დაიწყო. დღეს კი შემოქმედებით მოღვაწეობას ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ნართებში” აგრძელებს.
სიმბოლურია, რომ წიგნის „შენდამი რწმენით“ პრეზენტაციაზე ავტორს ადმინისტრაციისგან საჩუქრად ცხინვალელი მხატვრის გიორგი მელიქიშვილის ნახატი გადაეცა, რომელიც ასახავს თოვლით დაფარულ ცხინვალის ღვთისმშობლის ტაძარს.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here