ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა მორიგი გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“

0
79

2022 წლის 4 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა მორიგი გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“.

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

გადაწყვეტილებაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით გაუარესებული მდგომარეობის და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაბრკოლებების შექმნის, ჯანდაცვასა და საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვის გამო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე, ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ხანგრძლივი პერიოდით ჩაკეტვაზე, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იერსახის შეცვლასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების განადგურებაზე. გადაწყვეტილებაში უკიდურესი შეშფოთებით აღნიშნულია, რომ კვლავაც დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები.

მიესალმება რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე და ხაზს უსვამს მისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას. კომიტეტის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, პასუხისგებაში მისცეს საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში დამნაშავე პირები, შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის, მოხსნას ყველანაირი შეზღუდვები თავისუფალ გადაადგილებაზე, ასევე უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუასა და მამუკა ჩხიკვაძის დაუყოვნებელი გათავისუფლება. ამასთან, გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევისა და გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების აღდგენის მნიშვნელობა. მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი 2014 წლიდან იღებს, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს და საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს.

წყარო: https://smr.gov.ge/ge/news/read/2205/evropis-sabchos-gadawyvetileba-evropis-sabcho-da-konfliqti-saqartveloshi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here