პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა

0
382

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა. სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას. კომისიასა და სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება – კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები. წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში შემუშავდეს სახელმწიფოებრივი ხედვა ხვალინდელ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოზე.პარალელურად, ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული და ეფექტიანი ჩართულობით აქტიურ მოქმედებაში იყოს მოყვანილი ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here