მოხისში ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის დევნილთა ჩასახლებაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის (სოფელი მოხისის და ახალსოფლის დევნილი მოსახლეობა).

მათ კონსულტაციები ამბულატორიული კლინიკა ,,ნოვაციოს” სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს (ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, რადიოლოგი (ექოსკოპია), ოფთალმოლოგი, თერაპევტი).

ოფთალმოლოგიური კვლევის შემდეგ კი პაციენტებს, საჭიროებისამებრ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან უსასყიდლოდ შესაბამისი მხედველობის სათვალე და – ყოველ ოჯახს – წნევის საზომი აპარატი გადაეცათ.

სამედიცინო აქციას დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი.

„ექიმთა ჯგუფთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა სამედიცინო გამოკვლევები, რაც მნიშვნელოვანია: სქრინინგი ყველას სჭირდება, რადგან, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს ჩვენი მოსახლეობა თვითონ მისვლას, ამიტომ ჩამოვიყვანეთ აქ ექიმები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქ არიან ოფთალმოლოგები და – ჩვენების მიხედვით – პაციენტებს გადაეცემათ სათვალეები უსასყიდლოდ. ასევე ყველა ოჯახს – თითო წნევის აპარატსაც გადავცემთ. ეტაპობრივად ვცდილობთ მოვიცვათ დევნილთა ჩასახლებები ამ სამედიცინო გადასინჯვებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა.

„დღეს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხისში და ახალსოფელში, ჩატარდა სამედიცინო კვლევები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და ჩვენი მხარდაჭერით. ჩამოსულია ექვსი მიმართულების სამედიცინო სპეციალისტი; დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს უტარებენ სხვადასხვა კვლევებს. ეს აქცია, როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დევნილთა ჩასახლებისთვის, მნიშვნელოვანია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ იყოს მრავალჯერადი აღნიშნული აქციები, როგორც აღნიშნულ დასახლებებში, ისე სხვა დევნილთა ჩასახლებებში“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა.

„კლინიკა „ნოვაციო“, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან ერთად, სოფელ მოხისში დღეს აწყობს უფასო გასინჯვების აქციას. გასინჯვაში მონაწილეობას იღებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები: ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოჯახის ექიმი, რადიოლოგი, ოფთალმოლოგი. ინტერესი არის მაღალი – პაციენტების დიდი რაოდენობა მოგვმართავს. რეალურად იკვეთება, რომ ნამდვილად ადგილზე მოტანილი სამედიცინო სერვისის აუცილებლობა არის. გამოიკვეთა გარკვეული პათოლოგიები, ადგილზე უტარდებათ, როგორც ლაბორატორიული გარკვეული კვლევა, ისე სხვადასხვა ინსტრუმენტული კვლევები. ეს არ არის პირველი აქცია, რომელიც კლინიკა „ნოვაციო“ ატარებს და ყოველთვის მზად ვართ მსგავს საქველმოქმედო ტიპის ღონისძიებებში ჩავერთოთ“, – განაცხადა კლინიკა „ნოვაციოს“ დირექტორმა ლელა ინასარიძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია