სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლოტბარ დავით ელბაქიძის სამოქალაქო პანაშვიდს და დაკრძალვას დაესწრო

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „ნართები“ ვაჟთა ვოკალური ჯგუფის ქორმაისტერის, ანსამბლ „ლიახვის“ დამაარსებლის და ლოტბარის, დავით ელბაქიძის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებითა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს თანადგომით, ლოტბარი დავით ელბაქიძე მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი — გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დაკრძალვის ადგილია თბილისში, რომელიც 2018 წელს გაიხსნა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ მთაწმინდის პანთეონი დახურულად გამოაცხადა.

მახათას პანთეონში დაკრძალული არიან: მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე, მსახიობი მარი ჯანაშია, ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი, კინორეჟისორი რეზო ესაძე, მევიოლინე ლიანა ისაკაძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „ნართები“ ვაჟთა ვოკალური ჯგუფის ქორმაისტერის, ანსამბლ „ლიახვის“ დამაარსებლი და ლოტბარი, პროფესიონალი მუსიკოსი, ფოლკლორისტი და მკვლევარი დავით ელბაქიძე 2024 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა.

2022 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ელბაქიძის საიუბილეო საღამო გაიმართა – ,,70 წელი – როგორც ერთი წამი”, სადაც მის მიერ გაწეული შრომა-დამსახურება და განვლილი ცხოვრება გაიხსენეს. იუბილე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

ვოკალური ანსამბლი „ლიახვი“ დავით ელბაქიძემ ცხინვალში დააარსა. 1985 წლიდან „ლიახვი“ გასტროლზე იმყოფებოდა რუმინეთში, საფრანგეთსა და ინდოეთში. ანსამბლი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ორგზის ლაურეატია. 1988 წელს ანსამბლ ,,ლიახვს“ სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა.

მაგრამ 90-იანი წლების მოვლენების შედეგად, ანსამბლი იძულებული გახდა დაეტოვებინა ცხინვალი.

2007 წელს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ შექმნა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ნართები“, სადაც გუნდმა „ლიახვმა“ გააგრძელა მოღვაწეობა კონცერტმაისტერ მანანა ელბაქიძესთან ერთად.

ქართული და ოსური ფოლკლორის ბრწყინვალე მცოდნემ, ბატონმა დავით ელბაქიძემ დიდი ღვაწლი გასწია: მან აღადგინა და გადაამუშავა ლილვაკი ჩაწერილი ოსური და ქართული სიმღერების უნიკალური ფოლკლორული ნიმუშები. ის აგრძელებდა ამ საქმეს ცხოვრების ბოლომდე. კითხვაზე, თუ როგორი იყო მისთვის განვლილი 70 წელი, ქორმაისტერმა თქვა: „70 წელი ერთ წამს ჰგავს და ამ წამს მადლიერებით უნდა შევხვდეთ – გულთან ახლოს არაფერი მივიტანოთ“.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია