რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების შეხვედრა დიმიტრი სანაკოევთან

0
95

1990-იანი წლების კონფლიქტის წინაპირობები და რუსეთის როლი ამ კონფლიქტში; რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის შეიარაღების პროცესი; ცხინვალის რეგიონის ფინანსური და სასურსათო უზრუნველყოფის აქტივიზაცია; მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ბედი. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და პოლიტიკურ აქტივისტებს ესაუბრა. შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციის „Free Russia Foundation“ სამხრეთ კავკასიის ოფისის ინიციატივით, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიის განვითარებას.

დიდი ყურადღება დაეთმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების პრობლემას, ასევე „ბორდერიზაციის“ უწყვეტ პროცესს – „ბანერებისა“ და მავთულხლართების დამონტაჟება-გავლებაზე, რომელიც საქართველოს  ორ ნაწილად ჰყოფს – თბილისის მიერ კონტროლირებად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად:

„პრობლემა ის არის, რომ აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად ერთ მხარეს რჩება მოქალაქეების სახლები, ხოლო  მაგალითად, სასაფლაოები, სადაც მათი ნათესავები არიან დაკრძალული და სადაც  მათ  მანამდე თავისუფლად შეეძლოთ მისვლა, ასევე ეკლესიები, მიწის ნაკვეთები, საძოვრები – ეს ყველაფერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება“, – აღნიშნა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა.

საერთაშორისო ორგანიზაციის „Free Russia Foundation“ სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის ეგორ კუროპტევის თქმით, აღსანიშნავია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება გახშირდა უკრაინის ომამდე ორი თვით ადრე, რაც საქართველოს მოქალაქეებსა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას ისახავდა მიზნად. დასავლეთს კი ამით რუსეთმა კიდევ ერთხელ გაუგზავნა პოლიტიკური მესიჯი, რომ ეს რეგიონი მისი „გავლენის ზონაა“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ერთ-ერთ პრობლემად თანამედროვე მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების  არქონა რჩება. პაციენტები სამედიცინო დახმარებას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წითელი ჯვრის შუამავლობით იღებენ.  მაგრამ ცხინვალის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ისინი არა საქართველოს დედაქალაქში, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანოს სამკურნალოდ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  ჟურნალისტები და პოლიტიკური აქტივისტები ცხინვალის რეგიონში ბოლოდროინდელი მოვლენებით დაინტერესდნენ. კერძოდ, ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ საკითხით, ოკუპაციის პირობებში მცხოვრები თანამოქალაქეების პრობლემებით და საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლების მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხით.

მედიის წარმომადგენლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოსაგვარებლად.

დავსძენთ, რომ დამოუკიდებელი რუსული მედიის წარმომადგენლებს შორის იყვნენ ინტერნეტ-გამომცემლობა ,,The Insider“-ის ჟურნალისტი, ტელეარხ ,,დოჟდი“-ს ბლოგერი, ლატვიის დამოუკიდებელი ინტერნეტ-ჟურნალის ,,სპექტრ.პრესს“ ჟურნალისტი, პოლიტიკური პარტია ,,იაბლოკოს“-ს წარმომადგენელი და სხვები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here