თბილისში ალბომის „ივანე მაჩაბელი. გზა ევროპისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა (VIDEO)

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, ივანე მაჩაბლის დღეების ფარგლებში, თბილისში, მწერალთა სახლში, ალბომის „ივანე მაჩაბელი. გზა ევროპისკენ“ პრეზენტაცია გამართა. გამოცემა მიეძღვნა საზოგადო მოღვაწის და მთარგმნელის ივ. მაჩაბლის 170 წლის იუბილეს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.  

პრეზენტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ივ. მაჩაბლის ღვაწლის მნიშვნელობას, გაიხსენეს მისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები, აღნიშნეს, თუ რაოდენ დიდი გავლენა იქონია მისმა საქმიანობამ ქართული ენის კულტურაზე – კერძოდ, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ის ახალი მთარგმნელობითი ლიტერატურის ფუძემდებლად იქნა აღიარებული და ქართულ ენას შესძინა „ის ნიუანსები, რომელიც ასე ფასეულია ქართული საზოგადოებისთვის“.

„ჩვენი სალაპარაკო ენა, სცენაზე თუ ყოფაში, არის ისეთი სწორი ლიტერატურული ქართული, რომელზეც სამაჩაბლოში ქართველები საუბრობდნენ“, – განაცხადა ალბომის შემდგენელმა თამარ ხიზანიშვილმა.

ალბომი „ივანე მაჩაბელი. გზა ევროპისკენ“ ბევრი ავთენტური და უნიკალური მასალითაა წარმოდგენილი – წერილები, ფოტოსურათები, მიმოხილულია ივანე მაჩაბლის ცხოვრების ყველაზე საკვანძო ეტაპები – ბიოგრაფიული ცნობები, მისი საზოგადო მოღვაწეობა, მისი მისი ურთიერთობა იმ დიდ ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, რომლებმაც დააფასეს ივანე მაჩაბელი მისი არაორდინალური, ფართო ცოდნით, განათლებითა და პროგრესული აზროვნებით.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ივანე მაჩაბელი შორსმჭვრეტელი და ევროპულად მოაზროვნე პიროვნება იყო. ის ყველგან და ყველაფერში ევროპული წესის დანერგვას ცდილობდა.

ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის აპარატის უფროსი შერმადინ შარია, ასევე ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევი, მწერლები, პოეტები, მეცნიერები და ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები – პოეტი მზია ხეთაგური, პოეტი ციცინო ბაბუციძე, მწერალი რობერტ ოდიკაძე და სხვა.

ღონისძიების ორგანიზატორი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახური და თბილისის მწერალთა სახლი. პრეზენტაცია მუსიკალურად გააფორმეს ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის “ნართები” ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა და ახალგაზრდა მუსიკოსმა ტასო მაისურაძემ.

აღვნიშნავთ, რომ ალბომისთვის მასალები ავტორებს მიაწოდეს: გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ივ. მაჩაბლის მუზეუმმა, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმმა. ალბომში ასევე გამოყენებულია მასალა ვახტანგ ჭელიძის მონოგრაფიიდან „ივანე მაჩაბელი“.

შეგახსენებთ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ივ. მაჩაბლის დღეების ფარგლებში, ალბომის პრეზენტაცია ქალაქ გორში გამართა. ნოემბრის ბოლოს „ივანე მაჩაბელი. გზა ევროპისკენ“ პრეზენტაცია წეროვანში ჩატარდება.

Бестаевბესტაევიმაჩაბელი
Comments (0)
Add Comment