თამაზ ბესტაევმა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მონაწილეობა მიიღო.

ფორუმი 13-14 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.

კონფერენცია ჩატარდა ქართველი, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების და ევროპელი მკვლევარების მონაწილეობით, რომლებმაც კავკასიის ისტორიაზე, ეთნოლოგიაზე, ლიტრატურაზე, ფოლკლორსა და კავკასიის ხალხების ურთიერთოებების მომავალზე იმსჯელეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევი, თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სსიპ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კავკასიისა და ევროპის ქვეყნების მკვლევარები.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „ნართები“ ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა.

Comments (0)
Add Comment