ქალაქ გორში იოსებ მეგრელიძის წიგნის „სიძველეები ლიახვის ხეობაში“ (დიდი ლიახვის ხეობა) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით – დაიბეჭდა 200 ეგზემპლიარი.
წიგნის ავტორის შვილის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის გუბაზ მეგრელიძის თქმით, მეცნიერებს, რომლებიც იკვლევენ ქართულ ყოფას, ხელოვნებას, წარსულს, დიდი მისია აკისრიათ, რათა თაობებს გადასცენ ის უძვირფასესი განძი, რომელიც წინაპრებმა დატოვეს. 2025 წელს წიგნი „სიძველეები ლიახვის ხეობაში“ რუსულ ენაზე გამოიცემა. გუბაზ მეგრელიძის თქმით, ეს იქნება პასუხი, რომ „ეს არის ქართული ძეგლები, ქართული ისტორია და ქართული კულტურა“.
„ამას მამაჩემი ძალიან დიდი ხნის წინ აკეთებდა, გადაყვა თავისი საქმით, ენერგიით, თანხებით… კვლევების დროს იმ სოფლებში, სადაც ჩადიოდა, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ქართველ, ასევე ოს მოსახლეობასთან. ისინი მასპინძლობას უწევდნენ მას და ხედავდნენ, თუ რა თავდადებას იჩენდა ის ამ ძეგლების აღწერა-გამოკვლევის დროს.
ნაშრომი წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ნაწილ-ნაწილ – სამეცნიერო კვლევების სახით, როგორც ცხინვალის, გორის, ასევე თბილისის სამეცნიერო ჟურნალებში. მაგრამ სრული წიგნი გამოვიდა პირველად.
პირველი ნაწილი გამოიცა 1984 წელს, მეორე ნაწილის გამოცემა შემდგომ უკვე ვეღარ მოხერხდა. და 1997 წელს იგი მე გამოვეცი. და ახლა ძალიან კარგი საქმე გააკეთა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, პატრიოტული საქმე, რომ ეს ორივე ტომი გააერთიანა და ერთიანი სახით ასეთ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა. ამას დღეს უკვე აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ეს ძეგლები უნდა შემონახულ იქნას. მტკიცდება მეცნიერულად, რომ ეს არის ქართული კულტურის ძეგლები – აქ არის წარწერები, საფლავების ეპიტაფიები, ის გადმოცემები, ჩანაწერები, რაც ხალხში იყო გავრცელებული იმ პერიოდში, როგორც ოსი, ისე ქართველი მოსახლეობის მიერ დასახელებული… ეს არის ეთნოგრაფიული მასალაც ამავე დროს.
მე დავბეჭდე ასევე ლუდვიგ ჩიბიროვის დადებითი რეცენზია, რომელიც მან თავის დროზე პრესაში დაბეჭდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ოსი მეცნიერებიც აღიარებენ ამ ნაშრომს“, – განაცხადა გუბაზ მეგრელიძემ.
ღონისძიებას გორის მწერალთა სახლში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გორის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე თამაზ შიოშვილი, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ შიოშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი, ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები – მეცნიერები, ხელოვნებათმცოდნეები, მწერლები და პოეტები დაესწრნენ.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა ხაზი გაუსვა იოსებ მეგრელიძის წიგნის მნიშვნელობას.
„ეს არის ფრიად მნიშვნელოვანი წიგნი იმ მხრივ, რომ აქ არის აღნიშნული და მოცემული სურათებით ლიახვის ხეობის სიძველეები, რომელიც ადასტურებს, რომ ეს მხარე არის უძველესი, ძირძველი ქართული მიწა. დღეს, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება წაშლა ქართული კვალის, ქართული სიძველეების, თითქოს იქ არასოდეს ცხოვრობდნენ ქართველები. და დღეს ჩვენ გვჭირდება მტკიცება იმის, რომ ეს არის უძველესი ქართული არქიტექტურული ძეგლები. ეს წიგნი სახელმძღვანელო გახდება სამომავლოდ ჩვენი ქართველი მეცნიერებისთვისა და კულტურის სპეციალისტებისთვის“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.
პროფესორ ნაირა ბეპიევის თქმით, იოსებ მეგრელიძის ნამუშევარი ქართველებისა და ოსი ხალხის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია.
„რა საკვირველია, ეს წიგნი შეიძლება ჩაითვალოს სახელმძღვანელო წიგნად, რადგანაც ამ კულტურულმა ძეგლებმა თავის დროზეც ძალიან დიდი როლი ითამაშეს და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თანამედროვე საზოგადოებისთვის, რადგან მათ არ დაუკარგავთ თავიანთი ღირებულება და მომავალი თაობა ეზიარება ამ არაჩვეულებრივ წიგნს, იმ სალოცავებს, რომლებიც აქ არის თავმოყრილი და კიდევ ერთხელ გაგვახსენდება ჩვენი მტკიცე ურთიერთობები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ყალიბდებოდა, ყალიბდება და სამომავლო პერსპექტივაც მას ყოველთვის აქვს და ექნება. დიდი მადლობა მათ, ვინც ეს წიგნი შეადგინა, დააფინანსა და გამოსცა“, – განაცხადა ნაირა ბეპიევამ.
აღვნიშნავთ, რომ მეცნიერმა იოსებ მეგრელიძემ, ლიახვის სიძველეების შესწავლა 1948 წლიდან, ცხინვალის პედინსტიტუტში მოღვაწეობის პარალელურად დაიწყო. „ამ ხნის განმავლობაში გამოქვეყნებულ 17 ნაშრომზე მუშაობა საკმაოდ ძნელ პირობებში უხდებოდა. მასალებში ასეთი ჩანაწერიც ვნახე: „არავინ ხელი არ შემიწყო, პირიქით, მიშლიდნენ“, – წერს წინასიტყვაობაში მისი შვილი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი გუბაზ მეგრელიძე.
ერთ-ერთი უარი ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით იოსებ მეგრელიძეს იმიტომ მიუვიდა, რომ მან ის „ლიახვის ხეობის სიძველეები“ დაასათაურა და არა, როგორც ცხინვალში „ოფიციოზს“ სურდა – „სამხრეთ ოსეთის მხარის სიძველეები“. ავტორმა პრინციპულად დაიცვა წიგნის სახელწოდება, ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ლიახვის ხეობის ქართული სიძველეებია, ვკითხულობთ წიგნის წინასიტყვაობაში.
ნაშრომში აღწერილი და შესწავლილია ლიახვის აუზის IX-XIX საუკუნეების წარწერები. ასევე მოცემულია ცნობები მატერიალური კულტურის ძეგლების, საცხოვრებელი, თავდაცვითი, საკულტო ნაგებობებისა და საფლავის ქვების ისტორიული მნიშვნელობის წარწერების შესახებ, აღნუსხულია ლეგენდები, გადმოცემები და მითოლოგიური თქმულებები, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული და სხვა სახის მასალები. დახასიათებულია თანამედროვე მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება. ყოველივე ეს ილუსტრირებულია ფოტოსურათებითა და ჩნახატებით.
წიგნში დაბეჭდილი უმრავლესი ფოტოს ავტორია ფოტოგრაფი მიხეილ მინდიაშვილი – მან იოსებ მეგრელიძეს თავისი ნამუშევრები უანგაროდ გადასცა.