სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ეკატერინე ბერუაშვილის წიგნის „ქართ…“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ღონისძიება დაიწყო წუთიერი დუმილით – შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის ხსოვნას, რის შემდეგ ანსამბლმა „ნართები“ საგალობელი შეასრულა.
ეკატერინე ბერუაშვილის კრებულს „ქართ…“ ხაზგასმით ჰქვია. ეს – სიტყვის ფუძეა, რომელიც წიგნს ლაიტმოტივად გასდევს: საქართველოს ისტორიული ბედი, საქართველოს ტკივილი, ქართველი ადამიანის გრძნობები, ქართული რეალობა – ეს ყოველივე ჩაქსოვილია ავტორის პროზაულ მინიატურებსა და ლექსებში.
ბერუაშვილი ასე ხსნის ფუძე „ქართ“-ის ეთიმოლოგიას (წარმოშობას):
„სახელწოდება „საქართველო“, როგორც ვარაუდობენ, ერთ-ერთი ქართველური ტომის – „ქართების“ სახელწოდებიდან უნდა მომდინარეობდეს“, – ვკითხულობთ წიგნში.
ავტორი ჰყვება ფუძის „ქართ“ ისტორიას და ასკვნის:
„ეს ყველაფერი ერთი დასკვნის საშუალებას იძლევა: ქართველები დგანან ლითონის მოპოვებისა და დამუშავების, სამჭედლო ხელოვნების სათავებთან. „ქართველი“ ნიშნავს „მჭედელს“, ხოლო „საქართველო“ – „სამჭედლოს“, – წერს ეკატერინე ბერუაშვილი.
წიგნში „ქართ…“ ასევე შედის ლექსები, მინიატურული პროზა, კლასიკოსთა პოეზიის თარგმანები (პუშკინი, ახმატოვა, ბროდსკი), ასევე ავტორის სამეცნიერო შრომა „პატარა ლიახვის ხეობის ქართლული“ და „მოსაზრებანი წმინდა წერილის შესახებ“, რომელსაც ბერუაშვილმა თავად გააცნო საღამოს სტუმრებს.
ცხინვალიდან დევნილი ეკატერინე ბერუაშვილი ერედვში დაიბადა. მის საღამოზე ცხინვალის რეგიონის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ – მათთვის გასაგებია მისი ტკივილი: საკუთარი სახლისგან შორს ყოფნის მოუშუშებელი იარა, რომელიც არასდროს ხორცდება.
თვით პოეტმა ხსნა რელიგიაში ჰპოვა. ეკატერინე ბერუაშვილი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული.
„როცა ადამიანი დგამს ნაბიჯს ღმერთისაკენ, რასაც ღმერთი ყოველთვის ელოდება, ის ღებულობს საღვთო მადლს და ეს საღვთო მადლი იწყებს ადამიანში მოქმედებას. …მაშინ ხდება ადამიანი მოსიყვარულე, მიმტევებელი, და ცხოვრებას აღარ უყურებს ტრაგიკულ ფერებში, არამედ აღიქვამს იმად, რაც გარდაუვალია“.
ბერუაშვილი აცხადებს, რომ დაწერილისგან(მის შემოქმედებაში) არაფერი მიაჩნია განსაკუთრებულად, მაგრამ ერთი – პროზაული მინიატურა “სინანული”, სადაც პატიებას ითხოვს კარგისთვისაც და ცუდისთვისაც – მისთვის ძალზე ახლოა.
პოეტის აზრით, წუთისოფელი არის ადგილი „ურთიერთმსახურებისა“ სხვა ადამიანის, სამშობლოსა და ღმერთის მიმართ.
„ადამიანი თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპზე უნდა გამოვიდეს თავისი თავის, ანუ კომფორტის ზონიდან, და ყველაზე მაღალ მისიას მიხედოს – მსახურებას: ღმერთის მსახურებას, მოყვასისა და საკუთარი თავის, ანუ – ღმერთი სამშობლო და ადამიანი. ამისი გაცნობიერებაა მთავარი“, – დასძინა ეკატერინე ბერუაშვილმა.
ავტორის ნაწარმოებები დამსწრე საზოგადოების წინაშე წაიკითხეს ცხინვალის თეატრის მსახიობებმა, მუსიკალურად კი ხალხური ცეკვისა და სიმღერის აკადემიური ანსამბლის „ნართები“ ვაჟთა ვოკალური ჯგუფი აფორმებდა.