კახა იმნაძე – ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადაიქცა ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადაიქცა ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძე გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოვიდა ღია დებატებზე სახელწოდებით –  „კოლექტიური ქმედება გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების გასაუმჯობესებლად – გავლენისა და ეფექტიანობის გაზრდის მხარდაჭერა დღევანდელ რთულ და მაღალი რისკის შემცველ გარემოში“.

კახა იმნაძემ სამშვიდობო ოპერაციების მიმართულების ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„სამშვიდობოებს შორის მსხვერპლის რაოდენობის ზრდამ 2017 წელს საგანგაშო ნიშნულს მიაღწია – 1994 წლის შემდეგ 56 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის შეხსენება გაეროსთვის და სამშვიდობო მისიებში ჩართული ქვეყნებისთვის, რომ საჭიროა სისტემის ცვლილება და მისი მოცემულ რეალობაზე მორგება. ცვლილებები უნდა იყოს სისტემური და მოიცავდეს როგორც ოპერაციულ ქმედებებს, ასევე ძალის გამოყენებას, დაზვერვას, ტრეინინგებს და ა.შ.

გაეროს პერსონალის უსაფრთხოება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი სამშვიდობო მისიის პოლიტიკური წარმატებისთვის, სწორედ ამ მიზეზით განსაკუთრებით პრიორიტეტული უნდა გახდეს ამის უზრუნველყოფა.

სამშვიდობო მისიების სამხედრო კომპონენტზე აქცენტის პარალელურად ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს პოლიტიკური კონტექსტი და სამშვიდობო ოპერაციის მანდატები. ცხადია, ცალკეულადსამშვიდობო ოპერაციები ვერ მოგვცემს ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას, თუ მას თან არ ახლავს პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მათი მხარდაჭერა“,- განაცხადა იმნაძემ.

უსაფრთხოების კუთხით სამშვიდობო მისიებში არსებული ხარვეზების მაგალითად კახა იმნაძემ საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილება მოიყვანა.

„ამ კონტექსტში მინდა შევეხო საქართველოს გამოცდილებას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით. საქართველო არასოდეს ყოფილა სამშვიდობო მისიებში ჩართული სრულუფლებიანი მანდატით. გაეროს სადამკვირვებლო მისიამ 1993 წლიდან გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით. 2009 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა ვეტო დაადო საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას, რითაც გაეროს ისტორიაში საშიში პრეცედენტი შეიქმნა.

UNOMIG-ის მანდატის იძულებით შეწყვეტამ, რასაც წინ უსწრებდა ეუთოს მისიის საქმიანობის დასრულება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ყოფნის თვალსაზრისით სრული ვაკუუმი შექმნა და, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, ეს რეგიონები ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის ხელსაყრელ შავ ხვრელებად და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებად აქცია“, – განაცხადა კახა იმნაძემ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საფრთხეების ნათელი მაგალითია ახლახანს, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი.

კახა იმნაძის თქმით, შექმნილი მდგომარეობა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, როგორც ეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმებითააგათვალისწინებული.

„ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვერ ხერხდება რაიმე პროგრესის, ან თუნდაც შინაარსიანი დისკუსიის გამართვა, ხოლო საბჭო დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც პოლიტიკის უპირატესი მნიშვნელობა არ იძლევა საჭირო სამშვიდობო მანდატების შექმნის შესაძლებლობას კონფლიქტურ რეგიონებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლება თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს“, – განაცხადა კახა იმნაძემ.

 

 

Comments (0)
Add Comment