15 ოქტომბერს სოფელ არეშფერანში ოსი პოეტისა და ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლის კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 164 წლის იუბილე აღინიშნა. არეშფერანის სკოლის ეზოში, ლექსების კრებულის „ოსური ლირას“ ავტორის ძეგლთან სოფლის მოსახლეობა და სტუმრები შეიკრიბნენ.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თამაზ ბესტაევსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს გივი ჯაფარიძეს, ღონისძიების სტუმრებთან ერთად, ჭიშკართან ოსური ტრადიციით დახვდნენ – სამი ოსური ხაჭაპურითა და ლუდით სავსე თასით (უაცამონგა).
უხუცესმა მასპინძელმა მათ უაცამონგა გადასცა, დალოცა სტუმრები და შესძახა „ომენ ხუცაუ!“. მათ შესვეს ლუდი და დააგემოვნეს ოსური ხაჭაპური.
კოსტაობის აღსანიშნავად სოფელ არეშფერანში ჩავიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ნაირა ბეპიევი, სტუმრები ჩრდილოეთ ოსეთიდან, დაღესტანიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სტუმრებმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.
„კოსტაობა“ ტრადიციულად დოღით გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა. გამარჯვებულს თასი, სამახსოვრო სიგელი და ტრადიციულად ცხვარი გადაეცა.
ამის შემდეგ სადღესასწაულო ღონისძიებამ სოფლის სკოლის მთელი ეზო მოიცვა, სადაც სხვადასხვა გასართობი სივრცე მოეწყო.
სამყარო ნათელ ფერებშია – ასე ხედავენ ბავშვები ცხოვრებას: გამოფენის „გაეცი სიხარულის“ ფარგლებში, მათ საშუალება ჰქონდათ დაეხატათ ყველაფერი, რაც სურდათ – მზე, ბუნება, მათი საყვარელი ცხოველები.
ბავშვებს დღესასწაული მიულოცა შერიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ – ლია გიგაურმა არეშფერანის სკოლას სპორტული ინვენტარი (შვიდი ფრენბურთის ბურთი და სამი ბადე) გადასცა. სათამაშოები კი სოფლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადაეცათ.
კონცერტი არეშფერანში კოსტაობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. სცენაზე გამოვიდნენ საბავშვო ანსამბლები “ლაკვასტი”, “ალგეთი”, “ლალე”, “ქურმუხი”, “ილიელი”, რომლებმაც ქართული და ოსური ხალხური ცეკვები შეასრულეს.
ოსი და ქართველი ხალხების ტრადიციებისა და კულტურის უნიკალურობა აღნიშნეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა – საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილემ ფაბიოლა ალბანეზემ, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის პირველმა მდივანმა ანარ რასულოვმა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის მრჩეველმა ირაკლი სანებლიძემ.
სადღესასწაულო სივრცის სხვა ნაწილში გაიმართა ტრადიციული შეჯიბრი – ჭიდაობა, ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის. გამარჯვებულებს სიგელები და მედლები გადაეცათ, მთავარ გამარჯვებულს – ცხვარი.
სტუმრების ყურადღებას განსაკუთრებით „გემრიელი“ კუთხე იპყრობდა – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და ლაგოდეხის მერიის წარმომადგენლები მათ ქართული და ოსური სამზარეულოს კერძებით გაუმასპინძლდნენ.
ოსურ სუფრას სამი ოსური ხაჭაპური ამშვენებდა – კარტოფჯენ, ფიდჯენ, ცახარაჯენ, რომლებიც, ოსური ტრადიციის მიხედვით, ღმერთის, მზისა და დედამიწის სიმბოლოა. სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ოსური ლუდი, ქართული მწვადი, მჭადი, ნამცხვრები და თათარა.
ღონისძიების ორგანიზატორები – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ლაგოდეხის მუნუციპალიტეტის მერია, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
კოსტაობის დღესასწაული ნამდვილად სახალხო დღესასწაულია, რადგან სწორედ აქ კიდევ ერთხელ ვლინდება ოსი და ქართველი ხალხების ძმობა, ერთიანობა და ურთიერთსიყვარული.