“ფოლკლორის ზეიმი“ – წეროვანში ანსამბლების “მომავალი თაობა” და „ივერიას“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა

წეროვნის დევნილთა დასახლებაში, კულტურის ცენტრში, გაიმართა ორი ანსამბლის ვოკალისტების, მოცეკვავეებისა და ინსტრუმენტალისტების დასკვნითი კონცერტი.


ფოლკლორული ანსამბლი „მომავალი თაობა“ და ვ. ციმაკურიძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერია“ წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული.


დასკვნით კონცერტზე შესრულდა ოსური და ქართული სიმღერები და ცეკვები, ხოლო ინსტრუმენტალურმა ჯგუფმა ოსური მელოდიები შეასრულა: „სიმღერა ინალზე“, „მოვიდა სიხარული“, „ოსური მელოდიების პოპური“, ქართული „იმერული მგზავრული“, ცეკვები “სიმდი”, “მთიულური”, “კავკასიური ცეკვების პოპური” და სხვა ფოლკლორული ნაწარმოებები.


დასკვნით კონცერტს დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები.

სამსახურის უფროსმა ომარ ხუბაევმა და მისმა მოადგილემ გიული ჩოხელმა მაღალი შეფასება მისცეს პედაგოგების მიერ გაწეულ შრომას და ხაზი გაუსვეს ხალხური შემოქმედების შემსრულებელთა ახალგაზრდა თაობის წარმატებებს.


კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლის, მადინა ტეხოვას ხელმძღვანელობით ბავშვებმა ორი ოსური სიმღერა შეისწავლეს – „ინალის სიმღერა“ და „სიხარული მოვიდა“.


„ეს სიმღერები განსაკუთრებით უხდება საბავშვო ანსამბლებს, რადგან ისინი სიხარულისა და ბედნიერების დიდ ემოციას გადმოსცემენ. სიმღერას „სიხარული მოვიდა“ ოსები ყველა საზეიმო ღონისძიებაზე ასრულებენ. ძალიან გამიკვირდა ის, თუ რა შემართებით და ინტერესით შეისწავლეს ბავშვებმა ეს ორი სიმღერა მოკლე დროში – სულ რაღაც 4-5 რეპეტიციაში. ბავშვებმა ისე სუფთად გამოთქვეს ოსური სიტყვები და მთლიანად სიმღერის ტექსტი, გამიკვირდა, არ ველოდი ამას“, – ამბობს მადინა ტეხოვა.


ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა მარიამ ცისკარიძემ მასწავლებელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა:

„დიდი მადლობა ყველაფრისთვის – ძალიან მსიამოვნებს ოსური სიმღერების სწავლა. მე პირადად ძალიან მარტივად გამომდის ეს ჩემი პედაგოგის, მადინა ტეხოვას დამსახურებით“.


წეროვნის დევნილთა დასახლების ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის ,,მომავალი თაობას“ ხელმძღვანელები არიან დავით გაჩეჩილაძე და დოდო კახნიაშვილი, ხოლო ვ. ციმაკურიძის სახელობის სანიმუშო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ივერიას“ ხელმძღვანელები – მაია ქურთაული და კახაბერ მარკოიშვილი.


ღონისძიების ორგანიზატორია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახური.

Comments (0)
Add Comment