საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის ეროვნულმა გალერეამ (ე.წ. „ცისფერი გალერეა“) და ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა სოფელ შავშვებში ჩასახლებულ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსწავლეებს უმასპინძლა. თბილისში მათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ.
„ცისფერ გალერეაში“ ბავშვებმა დაათვალიერეს ნიკო ფიროსმანისა და გურამ ქუთათელაძის (ხიტა) ნამუშევრების ექსპოზიცია, ასევე გაეცნენ თანამედროვე გრაფიკოსი ფერმწერი ექსპრესიონისტის მაკა ბატიაშვილის ნამუშევრებს.
ამის შემდეგ შავშვების სკოლის მოწაფეებმა გადაინაცვლეს ზ.წერეთლის სახელობის მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს „ქოლგა თბილისის“ ფოტონამუშევრები, ზურაბ წერეთლის მონუმენტალური სკულპტურები და ფერწერის გამოფენა, ასევე თამარ დოჭვანის ექსპოზიცია „გაზაფხულის სიმფონია“.
ასევე, ბავშვებს ექსკურსია რუსთაველის გამზირზე ჩაუტარდათ, სადაც გაეცნენ გამზირზე მდებარე ისტორიულ-არქიტექტურულ მემკვიდრეობას.
ღონისძიება ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, 18 მაისს მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ დააფუძნა. ეს დღე მსოფლიო მასშტაბით ყოველ წელიწადს აღინიშნება.