გიორგი გახარია – ადამიანების ტრაგედიებზე ვსაუბრობთ და დამატებითი მილოდინების შექმნა, წუთების თვლა არ არის სწორი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა გონივრულ ვადებში გადაწყდება.

მისი თქმით, ამისთვის, სახელმწიფო მაქსიმუმ აკეთებს და მუშაობაში ჩართულია ყველა შესაბამისი ინსტიტუტი.

„ამ ტრაგიკულ საქმესთან დაკავშირებით მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩართულია სახელმწიფოს ყველა ორგანო და ყველა ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, დიდი იმედი გაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში და ამისთვის, ვაკეთებთ მაქსიმუმს.

თუ როდის მოხდება გადმოსვენება, კონკრეტულ დღეზე და დროზე, კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი. უნდა გვესმოდეს, ჩვენ კონკრეტული მოქალაქეების და ადამიანების ტრაგედიებზე ვსაუბრობთ და დამატებითი მილოდინების შექმნა, წუთების თვლა არ არის სწორი. ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა დასრულდეს გონივრულ ვადებში“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებსაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევათ, შს მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზეც მუშაობა იგივე ძალისხმევით მიმდინარეობს. ასევე, დაწყებულია გამოძიება.

„ზუსტად იგივე რეჟიმში, იგივე ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათ გადმოსაყვანად. საქმე აღძრულია. ჩვენი უპირველესი ამოცანა არის გარდაცვლილ მოქალაქეს მივაგოთ პატივი და შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე და ჩვენი ცოცხალი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Comments (0)
Add Comment