2022 წლის 1 აპრილს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.
საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებათა საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მცდელობებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავაც ხელს უშლის და არ აძლევს უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალებას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მათზე ეფექტურ კონტროლს.
ლაშა დარსალიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მეზობლებთან მიმართებაში რუსეთის ქცევის ხელწერა უცვლელი რჩება. 2008 წელს რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე. წ. რეფერენდუმის გამართვის თაობაზე განცხადება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ დემონსტრირებას წარმოადგენს.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მსგავსი საქციელი ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონული და გლობალური მასშტაბით მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
ლაშა დარსალია მიესალმა 2022 წლის 10 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ფარგლებში, იმ პირების დაკავების შესახებ ორდერების გაცემაზე მიმართვას, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ომის დანაშაულის ჩადენაში.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა უმაღლესი კომისრის უახლესი ანგარიში, რომელშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების ის უხეში დარღვევები, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა განიცდის ორივე რეგიონში, მათ შორის, სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის და საკუთრების უფლებების დარღვევა, გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა.
ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ანგარიშში მოცემულია ფაქტები 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე და გამახვილებულია ყურადღება, რომ აღნიშნულ ფაქტებზე დამნაშავეთა დაუსჯელობა ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის გაძლიერებას. მან ისაუბრა, ასევე, თავისუფლების აღკვეთის უკანონო შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, ხაზი გაუსვა მათი გათავისუფლებისთვის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის აუცილებლობას.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ნათლად მიუთითებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.
ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ, ფინეთმა, ლიტვამ და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. 1 აპრილს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის, გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკასთან დაკავშირებით, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებისა და მათზე არსებული ქართული მახასიათებლების წაშლის ფაქტების თაობაზე.
ამასთანავე, რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის, განსაკუთრებით კი ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლების მხრიდან სამედიცინო ევაკუაციებზე უარის თქმის გამო, რამაც გამოიწვია ადამიანთა გარდაცვალება და რეგიონების კიდევ მეტი იზოლაცია. ხაზგასმულია, რომ თავისუფალი მიმოსვლის მუდმივად მზარდმა შეზღუდვებმა, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო გაამწვავა ადგილზე ჰუმანიტრული, სოციალური და ეკონომიკური ვითარება და განსაკუთრებით უარყოფითი შედეგები გამოიწვია ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევების კუთხით.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება 2014-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობების ფაქტებზე ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო, რაც ხელს უწყობს ადგილზე დაუსჯელობის წახალისებას.
დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევები და თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის ფაქტები ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის დამატებითი დევნილობის საფრთხეს. რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
ნიშანდობლივია, რომ რეზოლუცია საუბრობს 2008 წლის 1 ივლისი-10 ოქტომბრის პერიოდში და რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების კუთხით ICC-ის მიერ წარმოებულ გამოძიებაში არსებულ ბოლო განვითარებებზე, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი.
ამასთანავე, რეზოლუციაში დაგმობილია აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში 2022 წლის 12 მარტს გამართული ე. წ. საპარლამენტო არჩევნები და ასევე მ/წლის აპრილში, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილი ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტში არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფის შესახებ მოწოდება.
ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო, 50-ე და 51-ე სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.
წყარო: https://mfa.gov.ge/News/gaeros-adamianis-uflebata-sabchom-saqartvelos-(2).aspx?CatID=5