სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი დაესწრო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ინსტიტუტების როლი“.
ღონისძიების მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ დისკუსიის გამართვა იყო საქართველოს ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს შორის.
დისკუსიის მონაწილეებმა ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებული პოლიტიკური და სოციალური ვითარება მიმოიხილეს და გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოსა და სხვა რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არჩეული ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მშვიდობიანი გზების შესახებ იმსჯელეს.
ადმინიტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნულ ღონისძიებას უკრაინის საელჩოს საქართველოში მოწვევით დაესწრო.