სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„11 აგვისტო საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული დღეა. ჩვენი ჯარისკაცები, შინდისის ბიჭები, საოკუპაციო ძალასთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ. მათ საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლე არ დაიშურეს – ჩვენთვის და ჩვენი ახალი თაობებისთვის გაუტეხლობის სიმბოლოდ დარჩებიან“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.
შეგახსენებთ, შინდისის გმირების მემორიალური კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია უკვე მზადაა: მემორიალური კომპლექსის ძირითადი ნაწილი გარე სივრცეში მოეწყობა, სადაც ვიზიტორებს შინდისის ბრძოლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია დგას. მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის მიერ არის შექმნილი, ბრინჯაოში ჩამოსხმული 17 ქანდაკებისგან შედგება.
16 წლის წინ, მსუბუქად შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს რუსული ჯარის ბატალიონთან არათანაბარ ბრძოლაში მოჰყვა. ქართველი მეომრები სოფელ შინდისთან მხოლოდ ავტომატებით ჩაებნენ ბრძოლაში, რასაც მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა. ოცეული ორმხრივ სროლაში რუს სამხედროებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდა.ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო რუსეთის ჯარის კაპიტანმა გენერალიტეტიდან დახმარება მაშინ ორჯერ ითხოვა. ამავე შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.