სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მთაწმინდაზე გვირგვინით შეამკეს საზოგადო მოღვაწის, მწერლის, მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის პირობითი საფლავი, სადაც ინახება ძვალი, რომელიც მას გაუჩინარებამდე, 1898 წლის 26 ივნისამდე, ორიოდე კვირით ადრე, ოპერაციის დროს ამოუღეს.
მაშინ ივანე მაჩაბელი 44 წლის იყო. უკვე მოესწრო „დროებისა“ და „ივერიის“ რედაქტორობა, შექსპირის თარგმნა, სათავადაზნაურო ბანკში მუშაობა და იქიდან წამოსვლაც.
მაჩაბელი პლევრიტით იყო დაავადებული. 15 ივნისს ოპერაცია გაუკეთეს, ნეკნი ამოუღეს. ივლისში აბასთუმანში დასვენებას აპირებდა. 24 ივნისს რედაქციაში მივიდა და ბოლო თარგმანი დატოვა – შექსპირის ტრაგედია „კორიოლანო“. თუმცა, 26 ივნისს გაუჩინარდა.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მეორე წელია აღნიშნავს “მაჩაბლობას”. 28 ივნისს წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ივანე მაჩაბლის ხსოვნას, სადაც მაჩაბლის სახელობის სკვერის და მისი ბიუსტის დადგმის ნიშნულის განთავსების ცერემონია გაიმართება.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას სურს, დააარსოს სახალხო ზეიმი – “მაჩაბლობა”, რომელიც ყოველი წლის ივნისის ბოლოს ჩატარდება.
