სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე სოხუმის დრამატულ თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის დღის აღსანიშნავად გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გახსნეს.
დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა.
ღონისძიების ფარგლებში, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით ასევე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ წარსდგა.
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, არტ-გალერეაში გამოფენა სახელწოდებით „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში გადაღებული, იქ დაბადებული და მცხოვრები ცნობილი ადამიანების დღემდე უცნობი და უნიკალური ფოტომასალა.