სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გივი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ენის ერთიანი სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვაში.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან, პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა სახელმწიფო ენის ერთიანი სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის საჯარო განხილვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
სამოქმედო გეგმის დოკუმენტი მომზადდა მთავრობის მიერ 2019 წლის 20 დეკემბრის #629 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი პროცედურების, მეთოდოლოგიისა და სტანდარტების“ შესაბამისად, რომელიც ამავდროულად ითვალისწინებს დოკუმენტის საჯარო განხილვას.
პირველი გეგმა 2021-2022 წლებში განხორციელდა.
სახელმწიფო ენის სტრატეგიის მთავარი მიზანია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რისთვისაც განისაზღვრა შემდეგი ამოცანები შესაბამისი აქტივობებით:
- ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა;
- სალიტერატურო ქართული ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა;
- ქართულენოვანი ტერმინოლოგიის განვითარება;
- ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე;
- აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობა;
- ქართველური ენებისა და აფხაზურის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა;
- საქართველოს ეთნიკური უმცირესობის ენების სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერა.
2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება, როგორებიცაა: საგამოცდო სისტემის დანერგვა, სახელმწიფო ენის პორტალის შექმნა, ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციისა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება და სხვა.
საჯარო კონსულტაციები დოკუმენტის შესახებ გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატით.