ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსაბლი „ნართები“ განახლებული საკონცერტო პროგრამით წარდგა მაყურებლის წინაშე ალ. გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე.
პირველად თბილისში ანსამბლმა წარადგინა ახლად დადგმული ქართლ-კახური ცეკვა, ასევე ოსური ფოლკლორის მარგალიტები – ცეკვა „სიმდი“, „ხონგა“, „ქალთა ოსური ცეკვა“, ოსური სიმღერა „დოდოი“ (კ/ფ „ფატიმა“) და ქართული „აჭარული“, „მთიულური“ და სხვა ყველასთვის საყვარელი ხალხური ცეკვები.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამაზ ბესტაევის თქმით, ასეთი საღამოების ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია: „მინდა მადლობა გადავუხადო ამ შესანიშნავი კონცერტისთვის ანსამბლის ხელმძღვანელებს. „ნართები“ – ნამდვილი პროფესიონალთა გუნდია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია მაყურებელი გააკვირვოს და გაახაროს. დღეს „ნართებს“ თბილისის მერიაც გვერდში დაუდგა და ამისთვის დიდი მადლობა მათ, რადგან ასეთი საღამოების ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია ოსურ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებისთვის“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე დავით ჯიქია და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ნაირა ბეპიევი.
ასევე, საღამოს ესწრებოდა უამრავი ტურისტი უკრაინიდან, იაპონიიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ანსამბლ „ნართების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგიტა თათულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონცერტს ესწრებოდა ბევრი ეთნიკურად ოსი მაყურებელი: „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ანსამბლის დღევანდელი გამოსვლით. ამდენი ოსი და ქართველი მაყურებელი ერთად დიდი ხანია არ გვინახავს – ოსურ-ქართული ურთიერთობების ნამდვილი ზეიმი იყო ის, რაც სუფევდა ამ დარბაზში! მადლობას ვუხდით თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის. მადლიერები ვართ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გვერდში დგომისთვის. ასევე ჩემი მადლობა ბატონ უჩა დვალიშვილს („ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“ – რედ.)! ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი მაყურებლის გახარებას ახალ-ახალი გამოსვლებით“, – განაცხადა თათულაშვილმა.
29 აპრილს ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“ მარნეულს ეწვევა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მარნეულის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავს.
ფოტო: ლევან ახალკაცი.