განათლების სამსახურის 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის მიერ

2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ

2019 წელს განათლების სამსახური ძირითადად მუშაობდა შემდეგი  მიმართულებებით:

  1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება;
  2. სტუდენტთა სწავლების დაფინანსება;
  3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა;
  4. ოსური ენის პოპულარიზაცია;
  5. დევნილი მოსწავლეების ჩართულობა კონკურსებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში;
  6. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების   ხელმისაწვდომობა:

 

  1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემულ დოკუმენტს არ აქვს იურიდიული ძალა. იმისათვის, რომ არ დაზარალებულიყვნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ოკუპაციის შემდეგ სწავლა გააგრძელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ სკოლებში, შემუშავდა ზოგადი განათლების აღიარების წესი. ამ წესის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახდენს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უგზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომლის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ატესტატს). ამ მიზნით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელიც განიხილავს ზოგადი განათლების აღიარების თხოვნით შემოსულ განცხადებებს. 2019 წელს კომისიამ მოახდინა 16 პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული სრული ზოგადი განათლების, 2 პირის მიერ მიღებული საბაზო საფეხურისა და 1 პირის მიერ მიღებული დაწყებითი საფეხურის  განათლების აღიარება

  1. სტუდენტთა სწავლების დაფინანსება

საქართველოს უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა  დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა განათლების  სამსახურის  მიერ  შემუშავებული  და  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 8 იანვრის №04/1 ბრძანებით დამტკიცებული სტუდენტების სწავლების დაფინანსების წესით.   2019 წლის თებერვალში  ნაწილობრივი დაფინანსება  მიიღეს  უმაღლეს სასწავლებლებში 2018-2019 სასწავლო წელს ჩარიცხულმა  სამხრეთ ოსეთიდან დევნილმა სტუდენტებმა.   დაფინანსებისათვის  გამოყოფილი  თანხა  (22 500 ლარი)     გადანაწილდა   34  სტუდენტზე.

2019-2020 სასწავლო წელს, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხულთათვის, სოციალური გრანტის მინიჭების აუცილებელი პირობა იყო 2008 წლის 7 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში განთავსებულ სკოლებში სწავლა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ უზრუნველყო აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებისაგან განცხადებების მიღება. განათლების სამსახურის თანამშრომლებმა შეამოწმეს, აკმაყოფილებდნენ თუ არა განმცხადებლები დაფინანსებისათვის ზემოაღნიშნულ აუცილებელ კრიტერიუმს. მიმდინარე წელს მოთხოვნილი პირობები დააკმაყოფილა 131-მა პირმა. მათი სია გაეგზავნა საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  2019 წლის 9 დეკემბრის  #1617 ბრძანებით სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭა  127 სტუდენტს. მათ შორის 2 სტუდენტს სრული ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

  1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა

ახალგორის მუნიციპალიტეტში განთავსებული 7 სკოლის (ახალგორის ქართული, ახალგორის რუსული, იკოთის, ახმაჯის, ბოლის, კორინთისა და ბალაანის). პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მხარდასაჭერად შემუშავდა პროგრამა.  პროგრამის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილი არიან ყოველკვარტალური ფინანსური დახმარებით. განათლების სამსახურმა უზრუნველყო პროგრამის ბენეფიციართა სიის გაგზავნა საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. ყოველი კვარტლის ბოლოს ბენეფიციართა სიაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდა განათლების სამინისტროს.

  1. ოსური ენის პოპულარიზაცია

ნიგოზას, შავშვებისა და წითელუბნის საჯარო სკოლებში ფუნქციონირებს ოსური ენის შემსწავლელი წრეები. წრეებში გაერთიანებულია  50 მოსწავლე.  მოსწავლეები მეცადინეობენ სამხრეთ ოსეთის განათლების სამსახურის მიერ სპეციალურად მომზადებული ოსური ენის სახელმძღვანელოებით.

გაიმართა ოსური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნიგოზას, წითელუბნის,  შავშვების  საჯარო სკოლებთან არსებული  ოსური ენის შემსწავლელი წრეების მოსწავლეებმა, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მოღვაწე ოსი ეროვნების წარმომადგენლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის   სამინისტროს წარმომადგენლები.   მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ  ოსურ ენაზე შედგენილი ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნაში,  მცირე მოცულობის ტესტის შედგენასა და  ოსურ ენაზე შექმნილი ნაწარმოებების მხატვრულად კითხვაში. ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ  ფასიანი საჩუქრებით.

  1. დევნილი მოსწავლეების ჩართულობა კონკურსებს და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  შესაბამისი  სამსახურისა და სამხრეთ  ოსეთის ადმინისტრაციის  განათლების  სამსახურის თანამშრომლობით 30 დევნილმა მოსწავლემ  მონაწილეობა  მიიღო  სახელმწიფოს  მიერ  დაფინანსებული ,,დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ შემდეგ  საზაფხულო სკოლებში:

  • ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” მოსწავლეების  შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა  მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა, რომელთაც 2018-2019 სასწავ-ლო  წლის  პირველ  სემესტრში   ინგლისურ ენაში ჰქონდათ შეფასება – 10  ქულა.
  • საზაფხულო სკოლის – ,,ეკოსკოლა – 2019“- ის მოსწავლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, რომელთაც 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიაში ჰქონდათ მაღალი აკადემიური შეფასება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 10 გამარჯვებული მოსწავლე. ,,ეკოსკოლა – 2019“ მიზნად ისახავდა გარემოს დაცვით მიმართულებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, საბუნებისმეტყველო დისციპლინების პოპულარიზაციასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის  სოფელ კაჭრეთის, სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი „აისის“ ბაზაზე  მოქმედი .„შრომითი უნარების განვითარების საზაფხულო სკოლის“  მოსწავლეები შეირჩა მაღალი აკადემიური  შეფასების მიხედვით.  მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასების   10 მოსწავლე  გაეცნო  სხვადასხვა პროფესიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, – ის მიერ განხორციელებულ  პროგრამის – „მომავლის ბანაკი“ –  ფარგლებში  ორმოცდაათმა დევნილმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო  „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“, ქუთაისში, სადაც აქტიურ დასვენებასთან ერთად ახალგაზრდებს საშუალება  ჰქონდათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაეუმჯობესებინათ კვლევითი უნარები.
  • განათლების სამსახურის ორგანიზებით შედგა დევნილი აბიტურიენტების შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) ხელმძღვანელებთან. შეხვედრა წარმატებული შედეგი გამოიღო  –  ერთი სტუდენტი ჩაირიცხა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოიპოვა სწავლის დაფინანსება.
  • განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა წეროვნის #3 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე ,,რა არის მათემატიკური აზროვნების წესი”.

 

  1. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის

კანონში ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილება და 2019 წლიდან ოკუპირებულ  ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის გაიზარდა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, შესაძლებელი გახდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი მხოლოდ ოსურ ენაში ჩაბარებული გამოცდის საფუძველზე ჩაირიცხოს ქართული ენის მომზადების საგანმანთლებლო პროგრამაზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ სწავლა გააგრძელოს საბაკალავრო პროგრამაზე. 2019 წელს ამ პროგრამის ფარგლებში 2 სტუდენტი ჩაირიცხა საბაკალავრო პროგრამაზე.

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ერთიანი ეროვნული  გამოცდებისათვის დარეგისტრირებული ორი სტუდენტი, რომლებმაც ვერ შეძლეს გამოცდებში მონაწილეობა, ან მიიღეს მონაწილეობა,  მაგრამ ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, ჩაირიცხა  საქართველოს  უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

2019  წელს, განათლების სამსახურის წარდგინებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთ სტუდენტს დაენიშნა კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია