სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების კრიტერიუმებზე აქტიურად მუშაობს

„შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, ჩვენ სამინისტროსგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა 2008 წლის შედეგად დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხში“, – ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ განაცხადა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა, სოსო ცოტნიაშვილმა.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის დადგენილებაში კატეგორიის ფორმულირებასა და კრიტერიუმების დადგენას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსთან, სოსო ცოტნიაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან, როლანდ ნიჟარაძესთან.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სოციალური პროგრამა ყოველ სასწავლო წელს ხორციელდება, რომლის ფარგლებში სტუდენტები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ფინანსდებიან. 2020-2021 სასწავლო წლისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად რეგისტრაცია სექტემბერში გამოცხადდება და დაფინანსების მსურველები განაცხადების შემოტანას სწორედ ამ დროიდან შეძლებენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია