დიმიტრი სანაკოევის კომენტარი ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით

«აშკარაა, რომ ახლა დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს ხალხი სპეციალურად შეკრიბოს და აჩვენოს, რომ თითქოს ხალხს არ სურს ცხედრის გადმოცემა, რათა მიზეზი ჰქონდეს კიდევ შეაფერხოს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა. თუმცა, საბოლოდ მაინც მოხდება ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ ვიცით, რომ სამი ოსი ახალგაზრდაა დაკარგული და ოსური მხარის განცხადების საფუძველზე თბილისში შსს გამოძიებაც მიმდინარეობს, მაგრამ ვერაფერი  დადგინდა. ისიც არ არის დადგენილი, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუჩინარდნენ. არაადეკვატურია, რომ თურმე მოსახლეობას ახლა გაახსენდა 10 წლის წინანდელი ამბავი. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის არგადმოცემის ფაქტი ეწინააღმდეგება, არამხოლოდ ოსურ ტრადიციებს და კულტურას, რომელშიც გარდაცვლილის პატივის მიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს ტრადიციებს» — განაცხადა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრი სანაკოევმა ცხინვალში ჩატარებული აქციასთან დაკავშირებით.

ცხინვალში საპროტესტო მიტინგი გაიმართა, სადაც 400-მდე ადამიანი შეიკრიბა, უმეტესად ახალგაზრდები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ გადაეცეს ოჯახს, ვიდრე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ  და დაღუპულ ოსებს არ მოძებნიან  და ცხინვალს არ გადასცემენ.

როგორც ოსური მედია წერს, აქციაზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ წარწერით: „საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები“; „ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს“; „საქართველო პასუხისმგებელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ 145 ოსზე“.

ოსური მედიის ცნობით, ცხინვალში მიტინგი მიძღვნილი იყო „გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი და უგზო-უკვლოდ დაკარგულებისადმი“ და ამ მიტინგზე ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ თბილისი ამხელა ხმაურს ერთი გარდაცვლილის გამო ტეხავს იმ დროს, როდესაც ასობით ოსი იყო ქართველების მსხვერპლი. ამიტომ ჯერ „ოსი გარდაცვლილები დააბრუნონ“ და შემედგ მოხდეს ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემა ოჯახისათვის.

მიტინგზე გაიხსენეს 2008 წელის უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი ოსი ახალგაზრდა – ალან ხუგაევი, ალან ხაჩიროვი და სოლტან პლიევი და თქვეს, რომ ისინი ქართველმა სპეცრაზმელებმა მოიტაცეს და ოჯახს წევრებმა 10 წელია არ იციან, ისინი ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები.

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია