სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აგრძელებს დევნილი ბავშვებისთვის კულტურული პროექტების დაფინანსებას

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 2025 წელსაც აგრძელებს თანამშრომლობას და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს ბავშვების ფოლკლორულ ანსამბლს „ახალი თაობა“ და ხალხური ცეკვის ანსამბლს „ხევი“.

„ახალი თაობა“ – ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლია, რომელიც შექმნილია 2010 წელს. წეროვნის კულტურის ცენტრში ბავშვები,  ანაზღაურების გარეშე, დავით გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით ეუფლებიან ხალხურ საკრავებზე დაკვრას, ხოლო პედაგოგები დოდო კახნიაშვილი და ვაჟა ღუნაშვილი – გალობას და ხალხურ სიმღერას ასწავლიან.

ანსამბლმა „ხევი“, ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ცეკვის კლასები 2024 წლის თებერვალში გახსნა – გაკვეთილები ქალაქ გორში Hotel Georgia Gold-ის შენობასა (სტალინის გამზირი 26ა) და ბერბუკის დევნილთა დასახლების მიმდებარედ სოფელ ხელთუბნის კლუბის შენობაში მიმდინარეობს.

სტუდიას გამოცდილი პედაგოგი – ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლ “ნართების” ყოფილი მოცეკვავე, „ქორეოგრაფთა კავშირის“ დამსახურებული ქორეოგრაფი რამაზ შიოშვილი უძღვება.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი ახალგაზრდებს წარმატებას უსურვებს და მომავალშიც მზად არის ხელი შეუწყოს ანსამბლებს პროფესიულ საქმიანობაში.

Comments (0)
Add Comment